Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი ატარებს მოსახლეობის ევაკუაციას ლიბანის საზღვართან მდებარე დასახლებებიდან


ისრაელის სამხედროები ლიბანის საზღვრის მახლობლად. 10 ოქტომბერი, 2023.
ისრაელის სამხედროები ლიბანის საზღვრის მახლობლად. 10 ოქტომბერი, 2023.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა და ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს დილით გამოაცხადეს, რომ ტარდება ლიბანის საზღვრიდან 2 კილომეტრზე ნაკლებ დაშორებული დასახლებების მაცხოვრებლების ევაკუაცია.

თავდაცვის ძალების შეტყობინებაში ჩამოთვლილია 28 დასახლება, საიდანაც მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. მათ სახელმწიფოს ხარჯებით უზრუნველყოფენ დროებითი საცხოვრებლით.

7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმისა და ღაზის სექტორზე საპასუხო დარტყმების დაწყების შემდეგ გახშირდა სროლა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, ლიბანთან საზღვრის სიახლოვეს. ლიბანის სამხრეთ რეგიონებს დე ფაქტო აკონტროლებს შეიარაღებული რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“, რომელსაც ირანი უჭერს მხარს. მისმა წარმომადგენლებმა იკისრეს პასუხისმგებლობა ისრაელის ტერიტორიისთვის ცეცხლის რამდენჯერმე გახსნაზე. ისრაელის სამხედროები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ „ჰეზბოლას“ ობიექტებზე ლიბანში. ორმხრივი დარტყმები კვირასაც გრძელდებოდა.

ამ დროისთვის საქმე არ ეხება სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს. „ჰეზბოლამ“, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ორგანიზებულ შეიარაღებულ დაჯგუფებად ითვლება, ადრე განაცხადა, რომ შეიძლება ომი დაიწყოს ისრაელის წინააღმდეგ, თუ ისრაელი ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას განახორციელებს. იგივე განაცხადეს თეირანშიც. შეერთებულმა შტატებმა, თავის მხრივ, გააფრთხილა რეგიონის ყველა ძალა, რომ არ ჩაერიონ ღაზის კონფლიქტში.

XS
SM
MD
LG