Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში აზერბაიჯანის დროშა აღმართა


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თავისი ქვეყნის დროშის აღმართვისას მთიან ყარაბაღში, ხანქენდიში (სტეფანაკერტი). 15 ოქტომბერი, 2023 წელი
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თავისი ქვეყნის დროშის აღმართვისას მთიან ყარაბაღში, ხანქენდიში (სტეფანაკერტი). 15 ოქტომბერი, 2023 წელი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავისი ქვეყნის დროშა აღმართა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში, რომელსაც აზერბაიჯანელები ხანქენდის უწოდებენ, ხოლო ეთნიკური სომხები - სტეფანაკერტს.

ალიევის ვიზიტი რეგიონში შედგა 15 ოქტომბერს. ბაქომ რეგიონზე კონტროლი დაიბრუნა სწრაფი სამხედრო ოპერაციის შედეგად სექტემბერში. ეს ყარაბაღში ალიევის პირველი სტუმრობა იყო მმართველობის ორი ათწლეულის მანძილზე.

სექტემბერში აზერბაიჯანის სწრაფი იერიშის შედეგად დასრულდა მკვიდრი უმრავლესობის სამ ათწლეულიანი მმართველობა, უპირატესად ეთნიკური სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღში.

რეგიონი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ორი ომი გააჩაღეს რეგიონის გამო, რომელშიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეთნიკური სომხები უმრავლესობას წარმოადგენდნენ. მთიანი ყარაბაღი თავდაპირველად 1994 წელს მოექცა ეთნიკური სომხური ძალების კონტროლის ქვეშ, სომხეთის სამხედრო მხარდაჭერით.

თუმცა 2020 წლის ომის დროს აზერბაიჯანმა დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია, რომლებიც სომხურ ძალებს ეკავათ. თითქმის 100 ათასი ეთნიკური სომეხი, რეგიონის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, გაიქცა სომხეთში მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ბოლო შეტევის შემდეგ ბაქომ დააწესა კონტროლი რეგიონზე.

ალიევის ოფისმა განაცხადა, რომ მან მოინახულა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე სხვა ადგილი და ქალაქი, მათ შორის ქალაქები აღდარა (მარტაკერტი) და ხოჯალი (ივანიანი), სადაც ასევე აღმართა აზერბაიჯანის დროშა. დროშების აღმართვისას ალიევს სამხედრო ფორმა ეცვა.

XS
SM
MD
LG