ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც ორ მედიაგამოცემას - "მთის ამბებსა" და "საქართველოს ამბებს" ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ პრობლემები ექმნებათ საგრანტო გადარიცხვებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბანკი მათგან ითხოვს თანამშრომლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლებსა და სხვა დოკუმენტებს - ამ დოკუმენტების მოთხოვნის შესაძლებლობა უჩნდებოდა იუსტიციის სამინისტროს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ე.წ. აგენტების კანონი ამოქმედდებოდა.
"ამბავი უნდა მოგიყვეთ იმაზე, როგორ აამუშავეს ჩვენს მიმართ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი, მთელი თავისი სულისკვეთებით, იმის მიუხედავად, რომ კანონად ვერ აქციეს...
მიმდინარე წლის 12 სექტემბრის შემდეგ "ლიბერთი ბანკი" უცხოეთიდან ყველა საგრანტო გადმორიცხვას გვიბლოკავს და უკან აბრუნებს", - წერს გელა მთივლიშვილი ფეისბუკში.
ამ მედიაორგანიზაციების არსებობა დონორი ორგანიზაციების მხრიდან მიღებულ დაფინანსებაზეა დამოკიდებული. მთივლიშვილი ბანკისგან შეზღუდვების ამოქმედებას უკავშირებს ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ ბოლო პერიოდში გავრცელებულ კრიტიკას.
მისი თქმით, ბანკი მედიაორგანიზაციისგან ითხოვს, რომ წარუდგინოს:
- ინფორმაცია შესრულებულ ოპერაციებზე;
- ჩარიცხვის საფუძვლები;
- შესრულებული სამუშაოს აღწერილობა (სად, რა, როდის გაკეთდა);
- კონტრაგენტებთან (თანამშრომლებთან და სხვა დაქირავებულ პირებთან) გაფორმებული ხელშეკრულებები.
"საყურადღებოა, რომ ამ ინფორმაციის წარდგენას ითხოვენ მიმდინარე წლის მარტის შემდეგ უცხოეთიდან მიღებულ ყველა საგრანტო ჩარიცხვაზე. არადა, გადმორიცხვის დოკუმენტებში ცხადად და სრულად წერია, რომ დონორები არიან საყოველთაოდ ცნობილი და ავტორიტეტული ფონდები დემოკრატიული ქვეყნებიდან და გაერთიანებებიდან...
ბანკი საერთაშორისო გადმორიცხვებს გვიბლოკავს სექტემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც განსაკუთრებული მონდომებით გვესხმიან თავს მმართველი პარტიის ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე შოვის ტრაგედიის გაშუქების გამო", - აცხადებს გელა მთივლიშვილი.
გელა მთივლიშვილის დაფუძნებული მედიაორგანიზაციები - "მთის ამბები" და "საქართველოს ამბები" იყო ის მედიასაშუალებები, საიდანაც საზოგადოება ხშირ შემთხვევაში სახელისუფლებო წყაროებზე ადრე, იგებდა შოვში განვითარებული მეწყრული პროცესების შესახებ ახალ ამბებს.
ამ მოვლენების გაშუქების დროს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "მთის ამბებს" შოვში გადაღებული ფოტოს წაშლა მოსთხოვა. პაპუაშვილს, რომელიც დამეწყრილ ადგილას, შოვში, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მესამე დღეს ჩავიდა, არ მოეწონა გამოცემა "მთის ამბების" მიერ იმავე დღეს გამოქვეყნებული ფოტო, რომელშიც ჩანს, როგორ ლაპარაკობენ ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთთან.
ამავე მოვლენების გაშუქების დროს გელა მთივლიშვილს ამბროლაურის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან", ელიზბარ კობახიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენა. საკრებულოს დეპუტატმა ჟურნალისტებს მიმართა: "თქვენ არ ხართ ქართველები, ხართ მოგზავნილები". მანვე გელა მთივლიშვილს უთხრა, რომ "წყალში გადააგდებდა", თუკი "წესიერად არ მოიქცეოდა".