Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის პარლამენტმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო


ბულგარეთის პარლამენტი (ფოტოარქივიდან).
ბულგარეთის პარლამენტი (ფოტოარქივიდან).

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბულგარეთში ვიზიტით იმყოფება. ის შეხვდა ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მარია გაბრიელს. როგორც საგარეო უწყება აცხადებს, შეხვედრის ფარგლებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოფიას მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართ.

დარჩიაშვილის ვიზიტის დროს ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი") გამოეხმაურა.

„სიხარულით მსურს განვაცხადო, რომ ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. ეს ჩვენი მეგობრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრაციაა! განსაკუთრებით ამაღელვებელია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ულამაზეს სოფიაში ჩემი ვიზიტის დროს! ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას! ჩვენ ერთად მივიწევთ ნათელი, ერთიანი მომავლისკენ!" - წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

XS
SM
MD
LG