ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო მიმართვა, რომელშიც მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, რომ არალეგიტიმურად ჩათვალონ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუ ის 2024 წლის არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს ძალაუფლებას.
ამ შემთხვევაში ევროპამ უნდა შეწყვიტოს ყველა კონტაქტი რუსეთთან, გარდა ჰუმანიტარულისა, ნათქვამია განცხადებაში.
"ასეთი დიდი ხნის განმავლობაში პრეზიდენტის შეუზღუდავმა ძალაუფლებამ ისეთი კონტროლისა და ბალანსის არარსებობის პირობებში, როგორებიცაა ძლიერი პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი პრესა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რუსეთი, ფაქტობრივად, დიქტატურად აქცია", - ნათქვამია დოკუმენტში.
PACE ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პუტინი 2000 წლიდან ფლობს ძალაუფლებას რუსეთში, ხან როგორც პრეზიდენტი, ხან პრემიერ-მინისტრის რანგში.
2020 წელს რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები ახლა მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს უმაღლესი თანამდებობა 2036 წლამდე. რუსეთის შიგნით ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიები და უკრაინაზე თავდასხმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საშუალებას აძლევს, დაასკვნას, რომ ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში რუსეთის პრეზიდენტის ძალაუფლება აღარ კონტროლდება.
- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოიცავს 46 ევროპული სახელმწიფოს, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლებს. რუსეთი PACE-დან გავიდა 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ.