„ჩვენ უნდა, უნდა დავუჭიროთ მხარი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს. სხვა შემთხვევაში, ჩვენთან შეიძლება მოხდეს იგივე, რასაც ახლა ისრაელში ვხედავთ“, - განაცხადა ბულატოვმა „სოლოვიოვ Live“-ის ეთერში.
შემდეგ წამყვანმა დაიწყო ტელემაყურებლების წერილების კითხვა. ერთ-ერთი მათგანი, რუსეთის პრეზიდენტის სანქტ-პეტერბურგელი გულშემატკივარი, იხსენებდა, თუ როგორ ჩაუშხამა ვლადიმირ პუტინს შარშანდელი 70 წლის იუბილე ყირიმის ხიდზე, უკრაინელი სამხედროების მიერ მოწყობილმა თავხედურმა აფეთქებამ.
„წელს კი, მხოლოდ კარგი ამბებია“, - წერდა ტელემაყურებელი.
„დიახ, სრულად გეთანხმებით“, - უპასუხა ეთერიდან მაყურებელს ბულატოვმა.
ბულატოვი მხოლოდ ერთ-ერთია კრემლის მომხრე იმ რუსი კომენტატორების კოჰორტაში, რომლებმაც ბევრი მოსაწონი რამ აღმოაჩინეს ისრაელზე ჰამასის თავდასხმასა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაში. ისინი ახლო აღმოსავლეთის კრიზისს ხედავენ, როგორც დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ის კრიტიკის შესაძლებლობას და თითქმის ერთხმად, უნისონში, ესხმიან თავს ომის მოწინააღმდეგე იმ რუსებს, რომლებიც ისრაელში გაემგზავრნენ 2022 წლის თებერვალში, უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ.
„მოსკოვს ახლა ხელს აძლევს ნებისმიერი კონფლიქტი მსოფლიოში“
რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირ არ დაუგმია დაჯგუფება „ჰამასის“ ბოევიკების მასირებული სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე, ასობით მძევლის აყვანა და 1000-ზე მეტი ადამიანის დახოცვა. ისრაელის არმიის 12 ოქტომბრის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე 1200 ადამიანის სიცოცხლე.
„ჰამასის“ შესახებ არაფერი იყო ნახსენები, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ, კონფლიქტის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში. „საბრძოლო შეტაკებები პალესტინა-ისრაელს შორის აუცილებელია შეჩერდეს, საჭიროა გადაიჭრას იმ სამოქალაქო პირების პრობლემები, რომლებიც სიტუაციის მსხვერპლად იქცნენ“ და „საჭიროა, რომ ყურადღება კონფლიქტის მიზეზებზე გამახვილდეს", - მოჰყავს ლავროვის სიტყვების სააგენტო „ტასს“.
ამასთან, რუსული პროპაგანდა პირდაპირ აცხადებს, რომ ნებისმიერი კონფლიქტი მსოფლიოში ახლა ხელს აძლევს მოსკოვს. ამის თაობაზე, მაგალითად, კრემლის ცნობილმა პროპაგანდისტმა ტიგრან კეოსაიანმა განაცხადა თავის საავტორო პროგრამაში, რომელსაც ტელეკომპანია „ენტევე“ გადასცემს.
სოციოლოგი დმიტრი დუბროვსკი დარწმუნებულია, რომ კეოსაიანმა ამ შემთხვევაშიც კრემლის სათქმელი გამოხატა.
„ვფიქრობ, რომ კეოსაიანი მართალია. ობიექტურად რუსული პროპაგანდა ისეთი სულისკვეთებით იწყებს საუბარს, რომ ომი ჩვეულებრივ, ნორმალურ მოვლენად იქცა. რომ ეს არ არის რაღაც ექსტრაორდინარული და მოდი არ გვინდა გაზვიადება. „აი, ნახეთ, ყველა ომობს: აზერბაიჯანი თავს დაესხა სომხეთს, ხელთ იგდო ყარაბაღი. ჰამასი თავს დაესხა ისრაელს. ხოლო რუსეთი თავის პრობლემებს წყვეტს უკრაინაში“, - გვიკიჟინებენ პროპაგანდისტები. ისინი ცდილობენ, ომი ნორმალურ მოვლენად წარმოაჩინონ არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთლიანად მსოფლიოში. „ჩვენ შევაბიჯებთ არასტაბილურობის ეპოქაში, ომი - ნორმალური ამბავია. მოდი შევეგუოთ ამას“. მათი მთავარი მესიჯი, ჩემი აზრით, სწორედ ესაა: „შეეგუეთ ომს“, - ამბობს დმიტრი დუბროვსკი, პრაღის კარლის უნივერსიტეტის სოციალური ფაკულტეტის თანამშრომელი.
ეს ასევე არის გზავნილი, რომელიც პუტინმა არაერთხელ გაიმეორა მას შემდეგ, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ბრძანება გასცა. კრემლი ომს უკრაინაში უწოდებს არა "არაპროვოცირებულ აგრესიას", არამედ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, იძულებით ნაბიჯს, რომლითაც ის დაუპირისპირდა დასავლეთის მცდელობას შეასუსტოს ან საერთოდ გაანადგუროს რუსეთი.
დუბროვსკის თქმით, ასეთი განცხადების დროს მოსკოვი თავს არ იწუხებს მტკიცებულების მოტანით, რადგან მისი მიმართვა მოკავშირე ქვეყნების მცირე ჯგუფისთვის არის განკუთვნილი.
"სინამდვილეში, მას (რუსეთის ხელისუფლებას) აღარავის რცხვენია. ვფიქრობ, განვლო იმ მომენტმა, როდესაც რუსეთს შეეძლო ვინმესთან შერცხვენოდა. ახლა იგი ქვეყნებისა და მოკავშირეების მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს მიმართავს, რომელთა უმრავლესობა ან მარგინალური პოლიტიკური მოთამაშეები, ან, როგორც ირანი და ჩრდილოეთი კორეა, ღიად ავტორიტარული, აგრესიული რეჟიმები არიან“, - ამბობს დმიტრი დუბროვსკი.
პუტინი ორივე მხარეს, მედვედევი - ნატოს ადანაშაულებს
ის, რომ სიტუაცია „ისრაელში, საჭიროა, რაც შეიძლება მალე მოექცეს მშვიდობიან კალაპოტში“, - 9 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა. დიდი განგაშით ვადევნებთ თვალს ყველაფერს, რაც ისრაელში ხდება. ეს ამ დღეებში ჩვენი განსაკუთრებული შეშფოთების საგანია“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა პირდაპირ პასუხი არ გასცა შეკითხვაზე, აღიარებს თუ არა რუსეთი „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად. „ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს კონტაქტებს კონფლიქტის მონაწილეებთან. ერთგანაც და მეორეგანაც არიან რუსეთის მოქალაქეები. ჩვენთვის რუსეთის მოქალაქეების ბედი არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. გარდა ამისა, რუსეთი, ცხადია, განაგრძობს ვითარების ანალიზს და თავის პოზიციებს ინარჩუნებს როგორც ქვეყანა, რომელსაც მოეპოვება დარეგულირების პროცესში მონაწილეობის პოტენციალი“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასი“ რუსეთში არ არის შეტანილი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. მისი წარმომადგენლები არაერთხელ ჩავიდნენ მოსკოვში და მოლაპარაკებები გამართეს რუსეთის ხელმძღვანელობასთან.
ისრაელში მომხდარს "საშინელება" უწოდა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც შეიარაღებულ კონფლიქტში ორივე მხარეს დააკისრა პასუხისმგებლობა.
"ჩვენ გვესმის, რომ ორივე მხარეს ძალზე დიდია გამწარება, მაგრამ გამწარების რა დონეც უნდა იყოს ორივე მხრიდან, საჭიროა იმისკენ სწრაფვა, რომ მოხერხდეს დანაკარგების შემცირება ან ნულზე, მინიმუმზე დაყვანა სამოქალაქო მოსახლეობაში - ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს შორის“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „რუსეთის ენერგეტიკული კვირის“ პლენარული სხდომის დროს.
მან ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის გაფართოებას შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში.
რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა კი, თავის მხრივ, კონფლიქტის ესკალაციაში ნატოს წევრი ქვეყნები დაადანაშაულა.
„აბა, ნატოელო მეგობრებო, მიიღეთ, რაც გინდოდათ“, - დაწერა ტელეგრამის არხში მედვედევმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ისრაელში იყენებენ იარაღს, რომელიც ადრე უკრაინას გადაეცა. რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე ვარაუდობს, რომ მსოფლიოში საქმე შემდგომში "კიდევ უფრო უარესისკენ წავა", რადგან იარაღის შავ ბაზარზე მალე გამოჩნდება რაკეტები, ტანკები და თვითმფრინავები, რომლებსაც კიევი დასავლეთიდან იღებს.
ექსტრემისტული დაჯგუფება "ჰამასისთვის" საბრძოლი იარაღის სავარაუდო გადაცემაში უკრაინისა და კოლექტიური დასავლეთის დადანაშაულება რუსი ულტრანაციონალისტების ყველაზე საყვარელი თემაა.
8 ოქტომბერს ულტრანაციონალისტი კომენტატორი დმიტრი სტეშინი ტელეგრამში დაუსაბუთებლად ამტკიცებდა, რომ „ჰამასი“ შეაიარაღეს უკრაინელებმა (მათ სტეშინი დამაკნინებელი სიტყვით „ხოხლებად“ მოიხსენიებს), რომლებმაც „დასავლეთის სამხედრო დახმარება მოიპარეს“.
ანალოგიურ მტკიცებას იმეორებდა, ვითომცდა „ბიბისის“ მიერ გადაღებული, ფეიკვიდეო, რომელშიც აცხადებდნენ, რომ საგამოძიებო ჯგუფმა Bellingcat-მა ღია წყაროებით დაასაბუთა უკრაინიდან კორუფციული გზით მოპოვებული იარაღის „ჰამასისთვის“ მიწოდება.
Bellingcat-ის დამფუძნებელმა, ელიოტ ჰიგინსმა, დაგმო ეს ვიდეო, რომელსაც სოციალური ქსელების რუსი მომხმარებლები უკეთებდნენ ფართო რეკლამას.
"გაუგებარია, ეს რუსეთის ხელისუფლების დეზინფორმაციული კამპანიაა თუ ფართო მასების მცდელობა, მაგრამ იგი 100 პროცენტით ყალბია", - წერს ჰიგინსი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ „ტვიტერში“).
მაგრამ ის, რომ რუსეთის პროპაგანდა ექსტრემისტების ხელში სავარაუდოდ უკრაინიდან მოხვედრილ იარაღზე ააგებდა სადეზინფორმაციო პოლიტიკას, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის მეორე დღესვე ივარაუდა უკრაინის დაზვერვამ.
"შემდეგი ნაბიჯი, რუსების გეგმის თანახმად, უნდა იყოს ყალბი ბრალდებები, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროების მიერ დასავლური იარაღის ტერორისტებისთვის რეგულარულად მიყიდვის შესახებ", - ნათქვამია უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაში.
თავის მხრივ, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ამტკიცებდა, რომ შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ წარმოებული იარაღი, რომელსაც რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ შეიარაღებული რაზმები ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლებში იყენებენ, ექსტრემისტებს სწორედ რუსეთმა გადასცა.
განცხადებაში არ არის დაზუსტებული, თუ რა სახის იარაღზეა ლაპარაკი. დაჯგუფება „ჰამასთან“ დაახლოებულმა რესურსებმა გამოაქვეყნეს კადრები, რომლებზეც დაჯგუფების მებრძოლები აღჭურვილნი არიან ამერიკული მოიერიშე შაშხანა m4-ის მსგავსი იარაღით.
„იპოვე და დათვალე ებრაელები"
ექსტრემისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ რუსმა პროპაგანდისტებმა და ე.წ. Z-ბლოგერებმა ნიშნის მოგებით დაიწყეს საუბარი იმ პაციფისტებზე, ვინც ომს რუსეთიდან ისრაელში გაექცა.
„ველოდებით რუსი პაციფისტების გამოსვლას (ისრაელიდან). მაგრამ არა, არ ველოდებით“, - წერს რუსული პროპაგანდისტული არხის, Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი თავის ტელეგრამის არხში.
„მაკარევიჩი ვალდებულია დაუყოვნებლივ გააკეთოს პაციფისტური განცხადება და გააკრიტიკოს ისრაელის მთავრობა, რათა არ მოუწიოს წელში მოხრა ცვალებადი სამყაროს წინაშე“, - წერს რადიოწამყვანი არმენ გასპარიანი ცნობილ მუსიკოს ანდრეი მაკარევიჩზე, რომელიც რუსეთს "უცხოეთის აგენტთა" სიაში ჰყავს შეყვანილი და ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს.
კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა განაცხადა, რომ ის არის ებრაელი, მაგრამ არა ისრაელელი. ანუ მხარს არ უჭერს ისრაელს.
რუსეთში ანტისემიტური გამონათქვამების ასეთი ტემპით გაძლიერება არ უკვირს დმიტრი დუბროვსკის.
„ვფიქრობ, რომ ისინი (ანტისემიტური გამონათქვამები) არსად წასულან. ჩემი აზრით, რუსული ანტისემიტიზმი ყოველთვის იყო, ის უბრალოდ არაპოპულარული იყო და ოფიციალურად იხშობოდა პრეზიდენტის მიერ. მაგრამ ერთ-ერთ Z-პაბლიკში ღიად დაიწყეს რუსი ნაციონალისტების საყვარელი თამაშის თამაში, რომელსაც ეწოდება "იპოვეთ და დათვალეთ ებრაელები". მათ აიღეს "უცხოელი აგენტების" სია, ჩემი ჩათვლით, და გადაწყვიტეს ებრაელთა რაოდენობის დათვლა. და მათ მიიღეს 25 პროცენტის მაჩვენებელი – არ ვიცი, საიდან მიიღეს ეს. და თქვეს: "აჰა, 25 პროცენტია". და მათ ეს, რა თქმა უნდა, ისრაელთან, ამჟამინდელ პრობლემასთან დააკავშირეს და თქვეს: "აი, ყველა ეს ისრაელელი უცხოეთის აგენტია“, - ამბობს დუბროვსკი.
„ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმამდე ერთი თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ირონიულად მოიხსენია თავისი ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი, ანატოლი ჩუბაისი, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული მასშტაბური ომის შემდეგ ასევე დატოვა რუსეთი.
12 სექტემბერს აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე პუტინმა განაცხადა, რომ ანატოლი ჩუბაისი რუსეთიდან „გაიპარა“ და „მოშე იზრაილოვიჩად“ იქცა.
ჩუბაისი ყველაზე მაღალი რანგის რუსი ჩინოვნიკია, რომელმაც რუსეთი ომის დაწყების შემდეგ დატოვა.