Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხშაბათს ღაზის სექტორში მუშაობა შეწყვიტა ერთადერთმა ელექტროსადგურმა


ღაზის სექტორი. 11 ოქტომბერი, 2023.
ღაზის სექტორი. 11 ოქტომბერი, 2023.

საწვავის ნაკლებობის გამო ოთხშაბათს მუშაობა შეწყვიტა ერთადერთმა ელექტროსადგურმა ღაზის სექტორში. 7 ოქტომბერს ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ შეჩერდა ისრაელიდან ელექტროენერგიის მიწოდება, რაც ენერგომომარაგების უმეტეს ნაწილს შეადგენდა. სექტორში ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ჯერჯერობით დიზელის გენერატორებია. უცნობია, რამდენ ხანს იკმარებს მათი საწვავის მარაგი. გაეროს მიაჩნია, რომ ამან შესაძლოა რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს.

„ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზის სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც ადრე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“. ლიბანის არმიამ განაცხადა, რომ აღმოაჩინა, საიდან ისროდნენ ისრაელის მიმართულებით. იქ დარჩა გამოუყენებელი საბრძოლო მასალა, რომლის დეაქტივაციასაც ახდენენ ახლა ლიბანის ჯარები.

„ჰამასის“ შეჭრის დაწყების შემდეგ ისრაელში, სულ მცირე, 1200 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 2400 დაშავდა. ისრაელის მთავარმა რაბინმა დაუშვა დაღუპულთა ცხედრების ამოცნობის სამუშაოების გაგრძელება, მათ შორის შაბათსაც.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 950 ადამიანი და დაიჭრა 5000.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ღაზის სექტორზე ისრაელის საპასუხო დარტყმებს „მასობრივი მკვლელობა“ უწოდა. თურქეთი წინადადებით გამოვიდა, შუამავლობა იკისროს „ჰამასთან“ მოლაპარაკებებში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არაბებსა და ისრაელს შორის კონფლიქტის გადაწყვეტა უნდა იყოს სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნა. მან მოუწოდა მეომარ მხარეებს, მინიმუმამდე დაიყვანონ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

ეგვიპტის ხელისუფლება განიხილავს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხს ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შემთხვევაში.

XS
SM
MD
LG