Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: ისრაელში კონფლიქტის გაფართოებას შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 30 სექტემბერი, 2023.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 30 სექტემბერი, 2023.

„ის რაც ხდება, საშინელებაა. ჩვენ გვესმის, რომ ორივე მხარეს ძალზე დიდია გამწარება, მაგრამ გამწარების რა დონეც უნდა იყოს ორივე მხრიდან, საჭიროა იმისკენ სწრაფვა, რომ მოხერხდეს დანაკარგების შემცირება ან ნულზე, მინიმუმზე დაყვანა სამოქალაქო მოსახლეობაში - ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს შორის“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „რუსეთის ენერგეტიკული კვირის“ პლენარული სხდომის დროს.

„თუკი მამაკაცებმა გადაწყვიტეს ერთმანეთთან ბრძოლა, ებრძოლონ ერთმანეთს. ქალებს, ბავშვებს თავი დაანებეთ. ეს ორივე მხარეს ეხება“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი სიტყვებით, პალესტინის პრობლემა ყოველი მუსლიმის გულშია და ის უსამართლობად აღიქმება.

„თავდაპირველად ლაპარაკი იყო ორი სახელმწიფოს - ისრაელისა და პალესტინის - შექმნაზე. ისრაელი, როგორც ცნობილია, შექმნილია, პალესტინა კი, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ჯერაც არ შექმნილა“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის გაფართოებას შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში.

ამასობაში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა შეკითხვაზე, აღიარებს თუ არა რუსეთი „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად, თქვა: „ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს კონტაქტებს კონფლიქტის მონაწილეებთან. ერთგანაც და მეორეგანაც არიან რუსეთის მოქალაქეები. ჩვენთვის რუსეთის მოქალაქეების ბედი არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. გარდა ამისა, რუსეთი, ცხადია, განაგრძობს ვითარების ანალიზს და თავის პოზიციებს ინარჩუნებს როგორც ქვეყანა, რომელსაც მოეპოვება დარეგულირების პროცესში მონაწილეობის პოტენციალი.“

ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასი“ რუსეთში არ არის შეტანილი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. მისი წარმომადგენლები არაერთხელ ჩავიდნენ მოსკოვში და მოლაპარაკებები გამართეს რუსეთის ხელმძღვანელობასთან.

XS
SM
MD
LG