რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის საკითხზე რეზოლუციის მიღებას მოითხოვენ დეპუტატი თეონა აქუბარდია და პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის" წევრები ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი.
პროექტის თანახმად, „პარლამენტი ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება, ისევე როგორც აფხაზეთის რუსეთ-ბელარუსის კავშირში ინტეგრაციის მცდელობა".
პროექტში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას შავი ზღვის ფართო რეგიონისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის.
„რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომი 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის გაგრძელებაა. შესაბამისად, მოუწოდებს ცივილიზებულ სამყაროს, შეაკავოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დადგეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპის დაცვის სადარაჯოზე.
მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ე. წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება და საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულებები“;
მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ ძალას, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ყველა სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − დეოკუპაცია;
მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გადადგას დროული და ქმედითი ნაბიჯები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის მუდმივი განთავსების გადაწყვეტილებიდან გამომდინარე გაზრდილი რისკების შესამცირებლად და რუსეთის აგრესიული ქმედების საპასუხოდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკურ არენაზე.
მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობარ სახელმწიფოებს დაიკავონ მტკიცე, ერთიანი პოზიცია, რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის, მილიტარიზაციის და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რაც ერთადერთი გზაა საქართველოს დემოკრატიული, უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარებისთვის და ასევე ხელს შეუწყობს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებას", - ვკითხულობთ რეზოლუციის პროექტში.
ოპოზიციის ინიციატივას გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი. როგორც მან განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი სახის რეზოლუციებს არათუ მხარს არ დაუჭერს, არამედ ის საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს.
„საერთოდ, ადრეც ვთქვი და ჩემმა კოლეგებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი სახის რეზოლუციებს არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან, სულ მცირე, არის პროვოკაციის მცდელობა მუდმივად, რომ რაღაცას წარმოადგენენ ეს პოლიტიკური სუბიექტები და ადამიანები იმ დიდ პოლიტიკაში, იმ ურთულეს სიტუაციაში, რაც დღეს საქართველოს შეუქმნა რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციამ და არა მარტო ოკუპაციამ. ამ რეალობაში ასეთი წამოკნავლებები არ არის ადეკვატური და მინდა ერთიც გაგახსენოთ - 2009 წელს რუსეთის ფედერაციამ მყარად და არაორაზროვნად განაცხადა, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა უნდა ააშენოს, რასაც მრავალი წელი სჭირდება, დაწყებული ზღვის სიღრმის უზრუნველყოფიდან, ინფრასტრუქტურით დამთავრებული და მას მერე ამ მიმართულებით არანაირი მოძრაობა არ იქნა შემჩნეული", - განაცხადა ვოლსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გამოცემა „იზვესტიასთან" ინტერვიუში ილაპარაკა ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსების გეგმის შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გადაწყვეტილება არის "ოკუპაციის გაგრძელება" და "უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას".
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა და მსგავს ქმედებებს უწოდა„მორიგი პროვოკაციული მცდელობა“, რომელიც მიმართულია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“.
რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მუდმივი პუნქტის განთავსების საკითხს 6 ოქტომბერს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში და გეგმას "უკიდურესად შემაშფოთებელი" უწოდა.