ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ მოკლულია ტაილანდის 12 მოქალაქე და 8 დაჭრილია. კიდევ 11 მოქალაქე გატაცებულია.
ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ისრაელში 30 000-მდე ტაილანდელია დასაქმებული. 1000-ზე მეტმა ევაკუაცია ითხოვა. ტაილანდის მთავრობის თანახმად, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალები მოქალაქეთა ევაკუაციისთვის მზად არიან.
მედიის ინფორმაციით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, 7 ოქტომბრიდან, დაღუპულ და დატყვევებულ უცხოელებს შორის არიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, ჩინეთის, ნეპალის, ბრაზილიის და მექსიკის მოქალაქეებიც.
საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორ დღეში, ისრაელში 700-ს გადააჭარბა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება. ისრაელის საზოგადოებრივი ორგანიზაცია ZAKA, რომლის მოხალისე მაშველები ხელისუფლებას ეხმარებიან, იუწყება, რომ სულ მცირე 250 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს ისრაელის ტერიტორიაზე, ღაზის სექტორის მახლობლად, სადაც 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის მომენტში, მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა.
პალესტინის ადმინისტრაციის მიერ დღეს, 9 ოქტომბერს, დილით განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაიღუპა 436 ადამიანი, მათ შორის 81 ბავშვი. დაჭრილია 2271.
2023 წლის ოქტომბრის ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გრძელდება და უკავშირდება სუვერენიტეტს ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე პალესტინის ისტორიული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.
„ჰამასის“ თავდასხმა დაგმეს და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა არაერთმა ქვეყანამ.
ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრეს და „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანმა და სირიამ. საუდის არაბეთმა, კუვეიტმა, ერაყმა, კატარმა და ომანმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ოკუპაციის და პალესტინელი ხალხისთვის კანონიერი უფლებების წართმევის შედეგია.