Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ხელისუფლების თანახმად, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა


"ჰამასის" მიერ მოკლულის გვამი ისრაელის ქალაქ სდეროთში. 7 ოქტომბერი, 2023.
"ჰამასის" მიერ მოკლულის გვამი ისრაელის ქალაქ სდეროთში. 7 ოქტომბერი, 2023.

ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ შაბათს დილით დაწყებული იერიშის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა ამ მომენტისთვის 600-ს გადააჭარბა. სავარაუდო რიცხვის შესახებ ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს მედიას.

დაღუპულთა შორის არის ათეულობით ჯარისკაცი და პოლიციელიც, რომლებიც ტერორისტებთან შეტაკებებში იქნენ მოკლული.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ საავადმყოფოებში აღრიცხულ დაჭრილთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა. 20 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, 330 სერიოზულად არის დაჭრილი.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებების ცნობით, ისრაელის საპასუხო სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა 370 ადამიანი, 2200 დაიჭრა. ისრაელის ხელისუფლების თქმით, მოკლულია 400 შეიარაღებული ექსტრემისტი და ათეულობით ტყვედ არის აყვანილი.

ისრაელის თავდაცვის ძალები განაგრძობენ ბრძოლას შეიარაღებულ მოიერიშეებთან ღაზის სექტორის მიმდებარე რაიონებში, სადაც მათ მცირე ჯგუფების სახით შეაღწიეს.

7 ოქტომბერს ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ მასირებული იერიში წამოიწყო. ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ათასი რაკეტა გაისროლეს. შეიარაღებული ისლამისტები შეიჭრნენ სასაზღვრო რაიონებში, მოკლეს ასობით ადამიანი და აიყვანეს ტყვეები და მძევლები. ორი ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადეს ოპერაცია „რკინის ხმლები“ და დაიწყეს ღაზის სექტორის დაბომბვა.

კვირას ლიბანურმა რადიკალურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა ჩრდილოეთ ისრაელის დაბომბვაზე. ტელეგრამის არხები წერენ, რომ ისრაელის ტანკებმა ლიბანში ისლამისტების პოზიციებზე საპასუხო დარტყმები დაიწყეს.

XS
SM
MD
LG