Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დენის შმიჰალი: რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინამ ასჯერ გაზარდა დრონების წარმოება


უკრაინელი სამხედრო დრონით წვრთნისას ზაპოროჟიეს ოლქში. 17 აგვისტო, 2023.
უკრაინელი სამხედრო დრონით წვრთნისას ზაპოროჟიეს ოლქში. 17 აგვისტო, 2023.

უკრაინამ შარშან ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ასჯერ გაზარდა დრონების წარმოება, განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა.

ორასმა კომპანიამ დაიწყო მოიერიშე დრონების შექმნაზე მუშაობა, მოჰყავს უკრაინის მედიას შმიჰალის სიტყვები.

„ახლა დრონის შექმნიდან მის შესყიდვამდე დრო მაქსიმალურად შემოკლდა“, - თქვა მან.

შმიჰალმა დასძინა, რომ უკრაინის თავდაცვის მრეწველობამ რადიკალურად შეცვალა მიდგომა, ხოლო იარაღის მწარმოებელი სახელმწიფო კომპანია „უკრობორონპრომი“ მოდერნიზებულ იქნა.

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავდაპირველად უკრაინა დომინირებდა თურქული წარმოების „ბაირაქტარის“ ტიპის დრონებით. მოგვიანებით რუსეთმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა კიევს ირანული მასობრივი წარმოების „შაჰედებით“.

უკანასკნელ ხანებში გახშირდა უკრაინული დრონებით იერიშები რუსეთის სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე თავად რუსეთში, მათ შორის ქვეყნის სიღრმეში მდებარე დიდ ქალაქებში.

უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების ერთ-ერთი შედეგია ის, რომ რუსეთი იძულებულია, საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინის საზღვრებიდან შედარებით მოშორებულ ბაზებზე განათავსოს.

XS
SM
MD
LG