საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელზე თავდასხმას X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება და სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს.
„ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, სიცოცხლის ხელყოფასა და უამრავი ადამიანისთვის სერიოზული დაზიანებების მიყენებას. გულითადად თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს, ხოლო ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ისრაელს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმაც.
ისრაელზე თავდასხმას ტერორისტული გაერთიანება ჰამასის მხრიდან, გმობენ დასავლელი ლიდერები.
ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. ჰამასი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ვრცელდება ინფორმაცია 22 დაღუპულის და 500-ზე მეტი დაშავებულების შესახებ. სოციალურ ქსელებში ვრცელდება მრავალი კადრი, რომლებზეც, როგორც ამტკიცებენ, დატყვევებული ისრაელელი ჯარისკაცები არიან გამოსახული.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელზე ჰამასის მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანა ომშია, თავდაცვის მინისტრმა კი საომარი მდგომარეობის გამოსაცხადებლად მზადყოფნა გამოაცხადა.