„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, რომელიც პარლამენტმა 4 ოქტომბერს პირველი მოსმენით მიიღო, სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს. ის მიიჩნევს, რომ პროექტით სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.
„დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება.
ცვლილებებით აიკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეების მიერ დროებითი კონსტრუქციების მოწყობა 5 შესაძლო საფუძვლით, რაც სახალხო დამცველის აზრით, არ არის საკმარისი, პროექტით წარმოდგენილი შეზღუდვების დასაწესებლად", - ვკითხულობთ განცხადებაში.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამჟამად მოქმედი ნორმები უკვე ითვალისწინებს ასეთი საფრთხეების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობას და ამ კუთხით დამატებითი აკრძალვების დაწესების საჭიროება არ არსებობს. მით უმეტეს, რომ, მისი შეფასებით, კანონპროექტი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა.
ომბუდსმენის განცხადების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროექტში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, თუ რატომ და როგორ შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს დროებითი კონსტრუქციების (მათ შორის, კარვის) განთავსება შეკრება/მანიფესტაციების მონაწილეებს ან/და მესამე პირებს.
პროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს არჩევანის შესაძლებლობას, შესაბამისად, ფორმას ირჩევს შეკრების მონაწილე და დაუშვებელია სახელმწიფომ პირებს შინაარსობრივად განუსაზღვროს შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში რა საგანი, ნივთი, კონსტრუქცია, ნახატი, წარწერა თუ სკულპტურა არის დაკავშირებული გამოხატულ პროტესტთან ან/და სოლიდარობასთან.
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებითაც იზღუდება აქციებზე „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა. სხდომას კენჭისყრისას 109 დეპუტატი ესწრებოდა - მათგან 75-მა საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა მისცა, წინააღმდეგი იყო 23.
4 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" და "სამართლიანმა არჩევნებმა", გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც პარლამენტს მოუწოდეს, "უარი თქვას აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე, არ გააუარესოს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო ჩარჩო და უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა".