Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციებზე კარვების შემზღუდავ ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი


კარავი საქართველოს პარლამენტთან. 2019 წლის 15 ნოემბერი
კარავი საქართველოს პარლამენტთან. 2019 წლის 15 ნოემბერი

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებითაც იზღუდება აქციებზე „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა. სხდომას კენჭისყრისას 109 დეპუტატი ესწრებოდა - მათგან 75-მა საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა მისცა, წინააღმდეგი იყო 23.

პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე კანონპროექტში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა ორმა კომიტეტმა: 3 ოქტომბერს - იურიდიულმა და 2 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა.

3 ოქტომბერს საკომიტეტო განხილვას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, “სოციალური სამართლიანობის ცენტრისა” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლები.

“რამდენად ლოგიკურია, რომ სუსის განცხადების საფუძველზე ჩვენ ვცვლით კონსტიტუციით დაცული უფლების სტანდარტს?” - იკითხა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გურამ იმნაძემ, "სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან". მისი შეფასებით, კანონშემოქმედებითი პროცესის ეს სტანდარტი კითხვის ნიშნებს აჩენს.

საკანონმდებლო ცვლილებებზე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა პარტია “გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამაც. ის არადამაჯერებლად მიიჩნევს იმას, რომ ხელისუფლება მოსალოდნელი გადატრიალების პრევენციის მიზნით ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

“მე არ მჯერა, რომ თქვენ გამოხატვის თავისუფლების ასეთი ფორმით შეზღუდვით ებრძვით მომავალ გადატრიალებებს, სახელმწიფო ორგანოების დაკავებებს და ბლოკირებებს. კარავი ნუთუ ასეთი საშიშია? და თუ ჩვენ ამ კარვების დადგმას ავკრძალავთ უმიზეზოდ, როგორც ამ კანონპროექტში წერია, რისკები გადაიზღვევა?

ვინაიდან თქვენ არ მგონიხართ უგონო ხალხი, რომელიც ამას ვერ ხვდება, მგონია, რომ რაღაც სხვა მიზანია ამ ყველაფერში და არა ის, რაც აქ წერია. მინდა გკითხოთ, რა რეალური მიზანი აქვს ამ კანონპროექტს? ის ხომ არა, რომ საზოგადოებაში დათესოს რაღაც ტიპის განცდა, რომ თითქოს რაღაც ხდება, თითქოს რევოლუცია მოდის, რომ თქვენ მოგეცეთ ყველაფრის უფლება, როგორც კორონას დროს გქონდათ. ახლა კორონა ჩაანაცვლეთ შესაძლო მომავალი რევოლუციით, რომელსაც არავინ აპირებს”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ კანონპროექტის შესახებ შეკითხვის დასმისას იურიდიულ კომიტეტზე.

"მე ვაკვირდები პროცესებს, როდესაც ამ კანონპროექტზე დაიწყო საუბარი, რომ მცდელობა არის, კარვების კონტექსტში რომ მოხდეს გადატანა და საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიეწოდოს, რომ თითქოს ეს არის კარვების ამკრძალავი. მშვიდობიანი მანიფესტაციის და შეკრების დროს კარვების დადგმას არავინ არ კრძალავს, არც ეს ცვლილებები და არც მოქმედი კანონი, რომლის ძირითადი ნაწილი ხელშეუხებელი რჩება. ნებისმიერ ადამიანს, რა თქმა უნდა, შეუძლია, კარავი დადგას, თუმცა ის უნდა აკმაყოფილებდეს იმ კრიტერიუმებს, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდის იმასთან, რასაც ახლა განვსაზღვრავთ“, - ასე უპასუხა კითხვების ავტორებს საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა 4 ოქტომბერს გაიმართა.

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ამ სხდომაზე იკითხა, რა მოხდება, თუ აქციაზე ჯვრის ფორმის კონსტრუქციის აღმართვას გადაწყვეტს.

“მე მინდა გთხოვოთ, მოგვიყვანოთ მაგალითი, რა შემთხვევაში მოხდება თქვენ მიერ ინიცირებული მუხლის ცვლილების ამოქმედება. მაგალითად, ჩვენ პარლამენტის წინ გვაქვს ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია. დადასტურებული პასუხი მაქვს მერიისგან, რომ არ აქვს ნებართვა ამ კონსტრუქციის აღმართვის, თუმცა არანაირ ზომებს არ იღებს ქალაქის საქალაქო სამსახური.

მინდა გკითხოთ, მე რომ მოვაწყო აქცია და გადავწყვიტო, რომ ჯვრის კონსტრუქცია აღვმართო, აი, ამ ჯვრის კონსტრუქციის გვერდით, ამ კონკრეტული ცვლილების შესაბამისად, ამ კონკრეტულ ვითარებაში რა ხდება? თუ შეეზარდა ეს ჯვრის კონსტრუქცია პარლამენტის ფასადს და საერთოდ არაფერს არ აქვს მნიშვნელობა თქვენთვის?” - ჰკითხა სამნიძემ კანონპროექტის წარმდგენს, გივი მიქანაძეს.

"სუსს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მაშინ მანქანებს ავკრძალავდით? თუ ტერორისტს ვერ იჭერთ და კარვებს კრძალავთ, ვისი პრობლემაა - სუსის, თქვენი თუ საზოგადოების? - იკითხა საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტის სესიაზე განხილვისას „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა.

"იქნებ ამიხსნათ, კონსულტაციები გქონდათ სუსთან და დამაჯერებელი იყო [სუსის] განცხადება, როცა გამოძიების შედეგი არ არის, იმისთვის, რომ დაჩქარებულად ეს კანონი შემოგეტანათ? ელოდებით რომ ოქტომბერში გადატრიალებას მოაწყობენ და ამიტომ იღებთ ამ ყველაფერს? ეს კანონი იქნება საკმარისი რეჟიმის უსაფრთხოებისთვის?" - ეს კითხვები სასესიო განხილვაზე გივი მიქანაძეს დაუსვა თეონა აქუბარდიამ.

"დიახ, სუსის განცხადება არის საფუძველი. სუსის მიერ გაკეთებული განცხადება მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით", - თქვა პასუხად გივი მიქანაძემ.

4 ოქტომბერს დროებითი კონსტრუქციების გამართვის უფლების შეზღუდვასთან ერთად პარლამენტში დეპუტატებმა იმსჯელეს იმ ცვლილებაზეც, რომლითაც პოლიციას "სამართალდარღვევის" ობიექტის კონფისკაციის უფლება ეძლევა.

"კანონმდებლობა დღესაც არეგულირებს იმ ნორმებს, რომლითაც სამართალდამცველმა ორგანოებმა შეიძლება გარკვეული საგნების თუ მოწყობილობების დროებითი კონფისკაცია მოახდინონ, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. მიზანი ამ კანონპროექტის, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს, არის უფრო დაიხვეწოს და კონკრეტულად გაიწეროს, რა არის ის პირობები, რომელიც სამართალდამცველ ორგანოს მოქმედების საშუალებას აძლევს. სხვა შემთხვევაში სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენელმა უნდა იცოდეს, რომ ყველა ის მოქმედება, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის განხორციელებასთან არის დაკავშირებული, არის ნებადართული", - განმარტა გივი მიქანაძემ.

"რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, სულ საუბრობს უსაფრთხოებაზე. სინამდვილეში თავისუფლებაზე უნდა ვილაპარაკოთ თუ უსაფრთხოებაზე, ესაა კონცეპტუალური კითხვა. ხელისუფლების ტვირთია, დაიცვას ბალანსი უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის. როცა ბალანსი უსაფრთხოების სასარგებლოდ ითვლება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში მყარდება დიქტატურა. ჩვენ მუდმივად ვხედავთ, რომ სულ არის მცდელობა, უსაფრთხოების თავისუფლების სასარგებლოდ გადაიწონოს ამ სიმძიმემ.

ის, რასაც გვთავაზობთ, არის პოლიციის თვითნებობა. წარმოუდგენელია, პოლიციელმა წინასწარ განსაზღვროს, მოქალაქის მიტანილი კონსტრუქცია სჭირდება თუ არა მის გამოხატვას. თქვენ კონკრეტიზაციას კი არ გვთავაზობთ, გვთავაზობთ ბუნდოვან რეგულაციას, რაც თვითნებობის საშუალებას მოგცემთ ყველა აქციაზე, ყველა პროტესტის გამოხატვისას. ეს არის სწორედ დიქტატურის ძირითადი დამადასტურებელი ნიშანი - ხელისუფლების სურვილი, ჩაახშოს ყველა თავისუფალი სიტყვა", - თქვა დეპუტატმა თამარ კორძაიამ კანონპროექტის განხილვისას. მან კოლეგებს მმართველი პარტიიდან გაახსენა ის აქტივისტები, რომლებსაც მათ ხელისუფლებაში მოსვლამდე წინა ხელისუფლება უზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას. კორძაიას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" იცის, რა ძალა აქვს ამგვარ პროტესტს და სწორედ ამიტომ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

"უკვე ცხადია ჩვენთვის, რომ ოპოზიცია ამზადებს საფუძველს, ეს კანონიც რუსულ კანონად გამოაცხადოს და როგორც კი ვიღაც დაუძახებს, გამოვიდნენ ქუჩაში და მოაწყონ დესტაბილიზაცია, გააკეთონ ზუსტად ისე, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთეს. ეს არის მორიგი პოლიტიკური აფიორის მომზადება, რომ ხალხი მოატყუოთ, შეიყვანოთ შეცდომაში და მათ ემოციებზე როგორმე გავლენა მოახდინოთ, გამოიყენოთ ეს პოლიტიკური მიზნებისთვის", - ასე უპასუხა მმართველი პარტიის დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერი კოლეგების მიერ დასმულ კითხვებს და კრიტიკას.

"ქართული ოცნების" 7-მა დეპუტატმა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები 2 ოქტომბერს წარუდგინა. "ოცნების" დეპუტატები კანონის გამკაცრების მიზეზად ასახელებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ამ წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებში „პროტესტის აკრძალვის” მცდელობას ხედავენ და ამბობენ, რომ ეს იქნება ცალსახად უკან გადადგმული, არადემოკრატიული ნაბიჯი.

საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში, დემონსტრანტებს აეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა. თუკი აკრძალვის მიუხედავად ისინი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეეძლება მათი როგორც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება (500-დან 5000 ლარამდე) და დაპატიმრება (15 დღემდე ვადით), ასევე „სამართალდარღვევის” საგნის კონფისკაცია.

აქციის მონაწილეებს აეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

  • საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  • ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
  • იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  • შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

4 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" და "სამართლიანმა არჩევნებმა", გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც პარლამენტს მოუწოდეს, "უარი თქვას აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე, არ გააუარესოს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო ჩარჩო და უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა".

XS
SM
MD
LG