საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა 4 ოქტომბერს დახურულ ფორმატში მოუსმინა თავდაცვის მინისტრს. ჯუანშერ ბურჭულაძემ დეპუტატებთან ვაზიანის სამხედრო ბაზის სიახლოვეს ახალი აეროპორტის აშენების პერსპექტივებზე ილაპარაკა. აეროპორტის აშენების იდეა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.
"ვისაუბრეთ ვაზიანის აეროპორტის შესაძლო განვითარებაზე. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ აქ რადიკალური პოზიცია, რომ არ შეიძლება აეროპორტის აშენება, არ არსებობს. თავდაცვის (კომიტეტის) წევრებმა მოისმინეს თავდაცვის ძალების პოზიცია. პირიქით, შეიძლება იყოს პერსპექტიული და უკეთესი მდგომარეობა და მდებარეობა. ასე რომ, დაველოდოთ შეფასებას. იმ ექსპერტებში, რომელსაც სახელმწიფო დაიქირავებს, იქნებიან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, რომლებიც შეაფასებენ სხვადასხვა ხედვით აეროპორტის მშენებლობას და მას შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მაგრამ ის, რომ დღეს არსებობდეს რაიმე არსებითი პოტენციური შემაფერხებელი გარემოება, არ არსებობს.
ექსპერტების დაქირავება იქნება ეკონომიკის სამინისტროს უფლებამოსილება. მე როგორც ვიცი, 2024 წელს იქნება დაქირავებული, შეფასდება სამხედრო, გარემოზე ზემოქმედების, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით თუ რა ბენეფიტი შეიძლება მოუტანოს ამან ქალაქის ურბანისტიკას და ა.შ.", - უთხრა მედიას კომიტეტში დახურული მოსმენის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა.
ამ სხდომის შინაარსზე ჟურნალისტებთან ილაპარაკა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამაც. მან თქვა, რომ თავდაცვის სამინისტროს საბჭოს ახალი აეროპორტის აშენების საკითხი ამ დრომდე არ აქვს განხილული.
„მივიღეთ პასუხი, რომ თავდაცვის სამინისტროს შიგნით არ არსებობს არანაირი ერთობლივი გადაწყვეტილება, სადაც სამხედროები, პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთად, დოკუმენტურად ხელს მოაწერენ ამ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროში არსებობს გადაწყვეტილების მიმღები საბჭო, სადაც ეს საკითხი უნდა განხილულიყო.
მინისტრის თქმით, ეს საკითხი მაშინ იქნება განხილული, როცა ეკონომიკის სამინისტროში, უწყებათაშორის ფორმატში შესწავლა იქნება. პოზიცია, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზის სიახლოვეს აშენდეს აეროპორტი, არის ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან სამხედროების მონაწილეობა ამ პროცესში სადღაც დახურულ კაბინეტებში შეიძლება იყო, მაგრამ დოკუმენტურად არ არსებობს", - თქვა თეონა აქუბარდიამ. ის იმ ადამიანებს შორისაა, ვინც საშიშად მიიჩნევს სამხედრო ბაზის სიახლოვეს აეროპორტის განთავსების იდეას. აქუბარდიას თქმით, არგუმენტები, რაც ამ იდეის სასარგებლოდ მოისმინა ჯუანშერ ბურჭულაძისგან, დამაჯერებელი არ იყო.
"ის [თავდაცვის მინისტრი] მეუბნებოდა, რომ უნგრეთში ისროლა ტანკით აეროპორტის სიახლოვეს და ამასთან, აეროპორტის მშენებლობა საცობების განტვირთვას გამოიწვევს, რაც, ჩემი მოსაზრებით, არცთუ ისე კომპეტენტური და დამაჯერებელი პასუხია”, - განაცხადა აქუბარდიამ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზის სიახლოვეს ახალი აეროპორტის აშენების იდეა 2023 წლის 5 ივნისს გააჟღერა ისე, რომ არ უთქვამს, რატომ ჩაითვალა ახალი აეროპორტისთვის საუკეთესო ადგილად ვაზიანი. პრემიერ-მინისტრს არც ის განუმარტავს, როგორ აისახება ეს ჩანაფიქრი თბილისთან ახლოს მდებარე ერთადერთ და ყველაზე სრულყოფილად აღჭურვილ სამხედრო ბაზაზე, რომელიც წლებია მასპინძლობს საერთაშორისო დონის სამხედრო სწავლებებს, ასობით სამხედროს მონაწილეობით.
ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდ და კარგად აღჭურვილ მრავალპროფილურ სამხედრო ბაზასთან, ფუნქციონირებს ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზა, რომელიც არაერთხელ გამხდარა რუსეთის უკმაყოფილების საბაბი.