საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის აცხადებს, რომ ზოგადად წინააღმდეგია პრეზიდენტის იმპიჩმენტის. ამავდროულად, შენიშნავს, რომ ზურაბიშვილს ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გეგმებს ეწინააღმდეგება.
„ზოგადად წინააღმდეგი ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის, რადგან ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას იწვევს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, როგორც ადრე უკვე ვთქვი, არის ივანიშვილის თამაში და მცდელობა გადაიტანონ ყურადღება ოლიგარქის დიქტატურიდან, რადგან აღარ ვსაუბრობთ ფარცხალაძეზე, კორუფციაზე, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პრობლემებზე.
სალომე ზურაბიშვილს ჯერ-ჯერობით არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც ივანიშვილის გეგმებს ეწინააღმდეგება", - დაწერა სააკაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი 3 ოქტომბერს დაიწყო.
როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტები საზღვარგარეთის ქვეყნებში.
11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო დოკუმენტის სასამართლოში გასაგზავნად. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებას საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი (საჭირო იყო მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობა).
საკონსტიტუციო სასამართლომ მიმართვიდან ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს დასკვნა. ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.
ამ პროცესის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში შეხვედრებს განაგრძობს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს 150-წევრიან პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში შედის 80-ზე მეტი დეპუტატი, საპარლამენტო ოპოზიციაში კი - 56.