რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში შეხვდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტს“, ალან გაგლოევს და „საგარეო საქმეთა მინისტრს“, ასხარ ჯიოევს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებს მიულოცა „მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავი და რესპუბლიკის დღე“.
ლავროვის თანახმად, მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები "დინამიკურად ვითარდება". მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს "სამხრეთ ოსეთის" მხარდაჭერას უსაფრთხოების, თავდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროებში.
„აღვნიშნავთ პოზიტიურ ტენდენციებს ორმხრივ ვაჭრობაში, რომელმაც 2022 წელს მიაღწია თითქმის 140 მილიონ დოლარს - ჯერ კიდევ ვითვლით დოლარებში, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ვხედავთ დიდ ინტერესს ჩვენს მოქალაქეებში კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ხორციელდება მომდევნო სამი წლის საინვესტიციო პროგრამა. უკვე ამოქმედდა 2025 წლამდე სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამა. ვაფასებთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერას, რომლებიც მონაწილეობენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, მათ შორის თქვენს პირად ყურადღებას ამ რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის მიმართ. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დასახული ყველა ამოცანა შესრულდება“, - განაცხადა ლავროვმა.
მან ილაპარაკა „'სამხრეთ ოსეთის' მჭიდრო კოორდინაციაზე რეგიონული პოლიტიკისა და საერთაშორისო საკითხების, ასევე საგარეო კონტაქტებთან დაკავშირებით“.
თავის მხრივ, გაგლოევმა განაცხადა, რომ „'სამხრეთი ოსეთი' მხარს უჭერს რუსეთის სპეცოპერაციას უკრაინაში და ეჭვი არ ეპარება, რომ ყველა დასახული ამოცანა შესრულდება“.
„დღეს ყველას გვაქვს რთული პირობები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის გათვალისწინებით, მაგრამ გვჯერა, რომ თუ კოორდინირებულად ვიმოქმედებთ, რუსეთის ფედერაციის უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმირ პუტინის მიერ დასახული ყველა ამოცანა მიიღწევა. გამარჯვება, რა თქმა უნდა, ჩვენი იქნება. აქ ამაში ეჭვის შეტანის უფლება არავის აქვს“, - აღნიშნა მან.
გაგლოევის თქმით, რუსეთი რჩება „სამხრეთ ოსეთის სანდო პარტნიორად, მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტად".
„მინდა აღვნიშნო, რომ სამხრეთი ოსეთი თავის სტრატეგიულ პარტნიორთან შემდგომი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადაა. მზადაა, განიხილოს ყველა საკითხი, რომლებიც ეხება რეგიონულ უსაფრთხოებას და კიდევ ერთხელ დაარწმუნოს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, რომ სამხრეთი ოსეთი, თავის მხრივ, რჩება სანდო პარტნიორად, სამხრეთ ფორპოსტად, ძმური, დიადი, ჩვენი დიდი სამშობლოსთვის“, - განაცხადა გაგლოევმა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებიდან ბოლო 15 წლის განმავლობაში, რუსეთთან ურთიერთობამ მიაღწია „თანამშრომლობის განვითარების მაღალ დონეს ყველა სფეროში“.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ე.წ. სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარა. რუსეთის შემდეგ საქართველოს ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ცნეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და სირიამ.