სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა არაძალადობრივი და სტრატეგიული სამოქალაქო კამპანიების მხარდაჭერის ცენტრის, „კანვას საქართველოს", ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინი გოგიბერიძე. როგორც ის აცხადებს, გაუთქმელობის ვალდებულების გამო, დეტალებზე ვერ ილაპარაკებს.
„ჩემი ცოდნის და გამოცდილების ფარგლებში, გამოძიებას ყველა კითხვაზე სრულფასოვნად ვუპასუხე. სამწუხაროდ, შეზღუდული ვარ მოგიყვეთ დეტალები ამ აბსურდის თეატრის, გამოყენებული ლექსიკის და კითხვების ფორმის შესახებ. სახის გასწორება კი მიჭირდა, მაგრამ ნამდვილად არაა ეს ყველაფერი სასაცილო. დინჯად და მხნედ დავაკვირდები მოვლენების განვითარებას", - დაწერა გოგიბერიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე.
ე.წ. რევოლუციური სცენარის საქმეზე გოგიბერიძემ გამოკითხვაზე დაბარების შესახებ სუსისგან უწყება 2 ოქტომბერს მიიღო.
2 ოქტომბერს სუსში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ის დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, "რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".
ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მაღალი თანამდებობის პირები პარტია "ქართული ოცნებიდან" საქართველოში მოსალოდნელ არეულობაზე ლაპარაკობენ. ამ საქმეზე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში გამოჰკითხეს სერბეთის სამი მოქალაქე: სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომელთაც ადანაშაულებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვაში აქტივისტების დატრენინგებაში. გამოკითხვიდან მეორე დღეს მათ ქვეყანა დატოვეს.
„[ისინი] წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს", - ნათქვამია სუსის განცხადებაში.
USAID-ის შესახებ სუსის და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. განცხადებაში ნათქვამია, რომ მცდარია მისი მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტის შესახებ გამოთქმული ბრალდებები და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მიზნებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს გამოეხმაურა ორგანიზაცია „კანვას საქართველოც". ის ხელისუფლების მოქმედებას ზეწოლად აფასებს როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, რომლებიც „ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ".