Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ


თამარ ჩუგოშვილი (მარცხნივ), სალომე ზურაბიშვილი (ცენტრში), მაია კოპალეიშვილი
თამარ ჩუგოშვილი (მარცხნივ), სალომე ზურაბიშვილი (ცენტრში), მაია კოპალეიშვილი

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი დაიცავენ. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუკვგვერდზე გავრცელდა.

"ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს", - წერია ინფორმაციაში.

  • თამარ ჩუგოშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტში პარტია "ქართული ოცნების" სიით მოხვდა. ის სამი წლის განმავლობაში იკავებდა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას, იმ დრომდე, სანამ სახელისუფლებო პარტია არ დატოვა - მიზეზი "ქართული ოცნების" მიერ 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების დაპირების არშესრულება იყო;
  • მაია კოპალეიშვილი 2009 წლის დეკემბრიდან 10 წლის ვადით იკავებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას.

რამდენიმე კვირის წინ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტები საზღვარგარეთის ქვეყნებში.

11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო დოკუმენტის სასამართლოში გასაგზავნად. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებას საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი (საჭირო იყო მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობა).

მიმართვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს დასკვნა - საკითხი ღია სასამართლო სხდომაზე 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე განიხილება. ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.

ამ პროცესის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში შეხვედრებს განაგრძობს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს 150-წევრიან პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში შედის 80-ზე მეტი დეპუტატი, საპარლამენტო ოპოზიციაში კი - 56.

XS
SM
MD
LG