Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ისტორიის ახალმა სახელმძღვანელომ ჩრდილოკავკასიელებს ძველი ჭრილობები გაუხსნა


2020 წელს ჩეჩნეთში დაბრუნებული დანგა ბიტაევი, რომელიც 1944 წელს დეპორტირებულთა შორის იყო. საილუსტრაციო ფოტო
2020 წელს ჩეჩნეთში დაბრუნებული დანგა ბიტაევი, რომელიც 1944 წელს დეპორტირებულთა შორის იყო. საილუსტრაციო ფოტო

ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ჩეჩნეთის ხელმძღვანელებმა, კავკასიის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ზეწოლის შემდეგ, 28 სექტემბერს მიაღწიეს რუსეთის მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში იმ სადავო აბზაცის შეცვლას, რომელმაც სტალინური დეპორტაციის მსხვერპლი ხალხების წარმომადგენლებს ძველი ჭრილობები გაუხსნა.

სახელმძღვანელოდან, რომლის თანაავტორიც რუსეთის ყოფილი კულტურის მინისტრი, ვლადიმირ მედინსკი აღმოჩნდა, კერძოდ, ამოიღეს წინადადება, რომელშიც 1944 წელს საბჭოთა რეჟიმის მიერ ყარაჩაელების, ყალმუხების, ინგუშების, ჩეჩნების, ბალყარელებისა და ყირიმელი თათრების „კოლექტიური დასჯის“ მიზეზად „ოკუპანტებთან თანამშრომლობის ფაქტი“ სახელდებოდა.

მიუხედავად ამ ცვლილებისა, სტალინური დეპორტაციის ზოგიერთი მკვლევარი აცხადებს, რომ ისტორიის ახალი სახელმძღვანელო მთლიანობაში იდეოლოგიზებული რჩება. „კავკაზ.რეალიისთან“ საუბარში ერთ-ერთმა ანონიმმა მკვლევარმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ წიგნში პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი კოლაბორანტებთან ეთნიკური რუსების უფრო მასობრივ თანამშრომლობაზე, ხოლო „მესამე რაიხის“ მხარეზე მოქმედი კაზაკური ფორმირებები საერთოდაც არ არის ნახსენები.

„რუსეთის მოსახლეობის ერთიანობის ქვეშ დადებული ნაღმი“

1 სექტემბერს, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ჩრდილოეთ კავკასიაში მკვეთრად დაგმეს მე-10 კლასის მოსწავლეთათვის განკუთვნილი ისტორიის ახალი სახელმძღვანელო.

კავკასიის ხალხთა რუსეთის კონგრესის თავმჯდომარე ალი ტოტორკულოვი მიიჩნევს, რომ სახელმძღვანელო იმეორებდა „ძველ სტალინურ ცილისწამებას“ და „კიდევ ერთხელ აყენებდა შეურაცხყოფას“ იმ ხალხებს, რომლებმაც სტალინური დეპორტაციის და მეორე მსოფლიო ომის შედეგად პოპულაციის 30-დან 50 პროცენტამდე დაკარგეს.
„ეს რუსეთის მოსახლეობის ერთიანობის ქვეშ დადებული ნაღმია“, - ამბობს ალი ტოტორკულოვი, რომელიც ჩრდილო კავკასიაში საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენეს. ტოტორკულოვი ახლი სახელმძღვანელოს სკოლებიდან საერთოდ ამოღებას უჭერს მხარს.


აი, კერძოდ, როგორ გადმოსცემდა სახელმძღვანელო საბჭოთა კავშირის ისტორიის იმ მონაკვეთს, რამაც ჩრდილო კავკასიელები აღაშფოთა:

„ყარაჩაელების, ყალმუხების, ჩეჩნების, ინგუშების, ბალყარელების, ყირიმელი თათრების 1941-1944 წლებში ოკუპანტებთან თანამშრომლობის ფაქტებზე დაყრდნობით, [სსრკ-ს] სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტმა გადაწყვიტა, სსრკ-ის შიგნით მოეხდინა ამ ხალხების სახელმწიფო წარმონაქმნების ლიკვიდაცია და მათი კოლექტიური დასჯა - იძულებითი გადასახლება (დეპორტაცია) ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში. შედეგად, რეპრესირებული იყვნენ არა მხოლოდ ბანდიტები და მტრის თანამზრახველები, არამედ უამრავი უდანაშაულო ადამიანი. გადასახლებულებს მოუხდათ ბევრი უბედურებისა და აღკვეთის გადატანა. მათ მიმართ სამართლიანობა 1953 წლის შემდეგ აღდგა“, - ეწერა რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელოში, რომლის თანაავტორიც რუსეთის ყოფილი კულტურის მინისტრი და ამჟამად პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკია.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ პრესკონფერენციაზე წარადგენს მსოფლიო და რუსეთის ისტორიების ახალი სახელმძღვანელოს საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. 7 აგვისტო, 2023 წელი
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ პრესკონფერენციაზე წარადგენს მსოფლიო და რუსეთის ისტორიების ახალი სახელმძღვანელოს საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. 7 აგვისტო, 2023 წელი

სხვათა შორის, ეს აბზაცი იმეორებს იმავე მედინსკის რედაქციით 2021 წელს გამოშვებული სახელმძღვანელოს იმ ნაწილს, რომელშიც მხოლოდ პუნქტუაციაა მცირედით შეცვლილი და ამოღებულია წინადადება იმის შესახებ, რომ უდანაშაულოდ დაზარალებულ ადამიანებს შორის იყვნენ ქალები, მოხუცები და ბავშვები.

მაგრამ მაშინ ისტორიის სახელმძღვანელოს, ოფიციალურ დონეზე, არავითარი უკმაყოფილება არ გამოუწვევია. ახლა კი საზოგადოებრივი ჯგუფების აღშფოთების შემდეგ, 23 სექტემბერს ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმა, რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის სახელით მიმართა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სახელმძღვანელოს თანაავტორს, კულტურის ყოფილ მინისტრს ვლადიმირ მედინსკის და მისგან ჩრდილოეთ კავკასიისა და ყირიმის ხალხების დეპორტაციისადმი მიძღვნილი ნაწილის რედაქტირება მოითხოვა.

„სამუშაო ჯგუფი შეიქმნა იმ რეგიონების ხელმძღვანელებს შორის, რომელთა ხალხებიც რეპრესირებულნი არიან, და მასთან შეთანხმდება წინადადებები ამ თავში შესატანი ცვლილებების თაობაზე“, - თქვა დაუდოვმა.

25 სექტემბერს კი, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რაშიდ ტემრეზევმა განაცხადა, რომ რუსეთის განათლების მინისტრ სერგეი კრავცოვთან შეხვედრის შემდეგ ყველა საკითხში მიაღწიეს შეთანხმებას და პირობა დადო, რომ სადავო აბზაცი შეიცვლებოდა სამუშაო ჯგუფის წინადადებების გათვალისწინებით.

უკვე 28 სექტემბერს, ტელეგრამის არხმა „ვაზამ“ და ინგუშურმა გამოცემა The Magas Times-მა გამოაქვეყნეს ცნობები ისტორიის სახელმძღვანელოს სადავო აბზაცის ახალი რედაქციით გადამუშავების შესახებ და შემდეგ მკითხველს ეს ახალი ვერსიაც შესთავაზეს.

„დიდი სამამულო ომის ისტორიაში ტრაგიკული ფურცელი იყო 1941-1944 წლებში, ფრონტის სიახლოვისა და ბრძოლის პირობებში, თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მიერ ხალხთა მასობრივი გასახლება და ღალატში მათი განურჩევლად დადანაშაულება. იძულებით იქნა გასახლებული (დეპორტირებული) 12 ერის წარმომადგენლები, რომლებმაც დაკარგეს არა მხოლოდ მშობლიური მიწა, არამედ ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიები, რომლებიც უმრავლესობას გააჩნდა. უმოკლეს დროში ასობით ათასი ადამიანი ბადრაგით გაიგზავნა ქვეყნის მეორე ბოლოში - ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში. სხვადასხვა რენეგატსა და გამყიდველთან ერთად მასობრივად დაზარალდა უამრავი სრულიად უდანაშაულო და საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი, მათ შორის, საბჭოთა არმიის რიგებში მებრძოლი ადამიანი. გადასახლებულებს ბევრი უბედურებისა და აღკვეთის გადატანა მოუხდათ. სამართლიანობა თანდათანობით იქნა აღდგენილი 1957-2014 წლებში“.

სადავო აბზაცის რედაქტირებულ ვერსიას, როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ახალი იდეოლოგიური კლიშე დაემატა: „საბჭოთა კავშირში და შემდეგ რუსეთის ფედერაციაში, მთელი ხალხების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები დაგმობილ იქნა და შემუშავდა ზომები მათი სრული რეაბილიტაციისათვის“, - წერია სახელმძღვანელოში.

ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა განცხადებაში ადგილობრივი სკოლებიდან სადავო ისტორიის სახელმძღვანელოების ამოღებაც ახხსენა, მაგრამ მალე ოფიციალური ცნობა შეასწორეს და განცხადების ის ნაწილი საერთოდ ამოიღეს.


რა უღირს კრემლს რეპრესირებულთა ოჯახები?

ყალმუხი ხალხის კონგრესის (საზოგადოებრივი ორგანიზაცია რუსეთში ექსტრემისტულად არის მიჩნეული - რედ.) თავმჯდომარის მოადგილე, ისტორიკოსი, ბატირ ბორომანგნაევი ამბობს, რომ უბრალოდ სიტყვების გადაადგილება საქმეს არ ცვლის და, უწინარეს ყოვლისა, პასუხი უნდა აგონ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ ამართლებდნენ ყალმუხი ხალხის დეპორტაციას.

ისტორიკოსმა გაიხსენა ფაქტი, რომელმაც 3 წლის წინ აღაშფოთა მთელი ყალმუხეთი. 2020 წლის იანვარში ხაკასეთის პარლამენტის სპიკერმა, ვლადიმირ შტიგაშევმა, ფაქტობრივად გაიმეორა სტალინის სიტყვები, რომ ყალმუხეთში არ არსებობდა ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც არ მსახურობდა დამსჯელად. „მხოლოდ როსტოვის ოლქში ყალმუხებმა 160 ათასი ადამიანი გაანადგურეს“, - განაცხადა მაშინ შტიგაშევმა, რუსეთის მმართველი „ედინაია როსიას“ წევრმა.

ბატირ ბორომანგნაევი ამბობს, რომ ამ სიტყვებისთვის შტიგაშევს სამართლებრივად უნდა ეგო პასუხი, მაშინ როდესაც მისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობაც კი არ მოუთხოვიათ.

რაც შეეხება რეპრესიის მსხვერპლთათვის გამოყოფილ ფულად კომპენსაციას, ის დანამატის სახით 400 რუბლს (დაახლოებით 5$) შეადგენს.

„აი, ამდენად აფასებს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება სტალინურ რეპრესიებს“, - ამბობს ზაინაპ გაშაევა, ჩეჩენი უფლებადამცველი ქალი, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მშვიდობის ევროპული სახლის“ ხელმძღვანელია.

ზაინაპ გაშაევა 1953 წელს ყაზახეთში, დეპორტირებულთა ოჯახში დაიბადა.

ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია. საილუსტრაციო ფოტო
ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია. საილუსტრაციო ფოტო
  • საბჭოთა კავშირის ოფიციალური მონაცემებით, 1944 წლის 21-23 თებერვალს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან ყირგიზეთსა და ყაზახეთში გადაასახლეს დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი.
  • ჩეჩნებისა და ინგუშების გარდა, ეთნიკური ნიშნით სტალინური დეპორტაცია განიცადეს საბჭოთა კავშირში მცხოვრებმა სხვა ხალხებმა: ყალმუხებმა, ყარაჩაელებმა, ბალყარელებმა, მუსლიმმა მესხებმა, ფინელებმა, პოლონელებმა, გერმანელებმა და ყირიმელმა თათრებმა.
  • თუმცა ჩეჩნები და ინგუშები პროცენტულად ბევრად აღემატებოდნენ ყველა დანარჩენ რეპრესირებულ ხალხებს.
  • ჩეჩნეთ-ინგუშეთში სპეცოპერაციის უხმაუროდ ჩასატარებლად, დაახლოებით, 120 ათასი ჯარისკაცი და მილიციონერი იქნა მობილიზებული.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების მონაწილეობით განხორციელებულ ოპერაციას, საბჭოთა უშიშროების იმჟამინდელი შეფი, ლავრენტი ბერია, წარმოშობით ქართველი, მოსკოვიდან ხელმძღვანელობდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG