საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას საქართველოსთან ფრენების აღდგენის თაობაზე. ღარიბაშვილის თქმით, მისი და საქართველოს მთავრობის სახელით ფრენების აღდგენაზე რუსეთთან არავითარი მოლაპარაკება არ წარმართულა.
„რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. ანუ, რა თქმა უნდა, მოხდა გაფორმება ამ შეთანხმების საქართველოს მთავრობასთან. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს ავიაციის სააგენტო, ბუნებრივია, თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის კომპანიებს, რუსულ კომპანიებს. ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი და რა სკანდალი ნახეთ ამაში, რა აღმოაჩინეთ?“ - უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიას თელავში, სადაც რთვლის შტაბის სამუშაოებს გაეცნო.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მოიწონა და დაეთანხმა, რუსეთში მცხოვრები საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანებისთვის მიმოსვლის გასამარტივებლად.
„არავითარი მოლაპარაკება, არავითარი ფორმალური მოლაპარაკებები და მით უმეტეს, მთავრობის სახელით, არ გამართულა. ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა მთავრობამ დაამოწმა და მოიწონა. ძალიან ბევრი ბიზნესმენი და ძალიან ბევრი ქართველი, ეს არის მილიონზე მეტი ქართველი, რომლებსაც აქვთ ორმაგი მოქალაქეობა, რომლებიც არიან ჩვენი მოქალაქეები და ამავდროულად არიან რუსეთის მოქალაქეებიც, ისინი, ბუნებრივია, მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ბიზნესსაქმიანობა აქვთ, ოჯახები, ნათესავები ჰყავთ აქ, ადგილზე, დაინტერესებულნი იყვნენ, რომ აღმდგარიყო პირდაპირი ფრენები. ეს არ არის დამალული. ჩვენც ვიყავით, მათ შორის, დაინტერესებული, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის რაც გამარტივდება, რაც გაამარტივებს გადაადგილებას და იოლი და იაფი იქნება, რა თქმა უნდა, კარგია",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო "ტასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილის დანახვის შემდეგ აღდგა ფრენები და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, რაც ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ურთიერთობებს მოხერხებულს ხდის.
მისი თქმით, ფრენების აღდგენაზე შეთანხმდნენ ღარიბაშვილის მთავრობასთან და გაუქმდა სავიზო რეჟიმი.
2008 წელს, ომის შემდეგ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. შეწყდა ავიამიმოსვლა. რუსეთმა სავიზო მიმოსვლის პირობები კიდევ უფრო გაამკაცრა. ავიამიმოსვლა, თავდაპირველად ჩარტერული რეისებით, 2010 წლიდან აღდგა. საქართველომ რუსეთს სავიზო რეჟიმი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაუწესა და 2012 წელს თავადვე გააუქმა, რასაც რუსეთის საპასუხო ნაბიჯი არ მოჰყოლია. მანამდე, 2010 წელს, საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, საქართველოში შემოსასვლელად ვიზები გაუქმდა მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში შემავალი შვიდი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის მკვიდრთათვის. ესენია: ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩრდილოეთი ოსეთი, დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ადიღე.
მათ საქართველოში 90 დღის განმავლობაში დარჩენის უფლება მიეცათ. ამ გადაწყვეტილებამ გააღიზიანა რუსეთი.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმდინარე წლის 10 მაისის განკარგულებების თანახმად, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა და გაუქმდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. 19 მაისს შესრულდა პირველი ავიარეისი მოსკოვიდან თბილისში.
ივლისის დასაწყისში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ("როსავიაცია") რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა დაამტკიცა. ნებართვების უმეტესობა ავიაკომპანია Red Wings-ზე იყო გაცემული. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ავიაკომპანიებს ფრენის უფლებით სარგებლობა მხოლოდ რიგი დამატებითი პირობის შესრულების შემდეგ შეეძლებათ.
ვაშინგტონი, ევროკავშირის ქვეყნები და კიევი საქართველოს აკრიტიკებენ რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო.