Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან ამას შეფასება ვერ მოჰყვება - იოსელიანი ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურაზე


სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი არ ამბობს, შეუშლის თუ არა ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს არ არის საკითხი, რომელზე კომენტარის გაკეთებაც შედის უწყების კომპეტენციაში.

"მოგეხსენებათ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მხარეები თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებ, მაგრამ ამ საქმეს წარდგინების შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. ყველა მათ გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ და მერე უნდა გაკეთდეს შეფასებები. თუმცა ჩვენი, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან ეს იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომელზეც ჩვენ კომენტარს ვაკეთებთ", - ამბობს იოსელიანი.

რამდენიმე კვირის წინ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტები საზღვარგარეთის ქვეყნებში.

11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო დოკუმენტის სასამართლოში გასაგზავნად. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებას საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი (საჭირო იყო მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობა).

მიმართვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს დასკვნა - საკითხი ღია სასამართლო სხდომაზე 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე განიხილება. ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.

ამ პროცესის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში შეხვედრებს განაგრძობს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს 150-წევრიან პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში შედის 80-ზე მეტი დეპუტატი, საპარლამენტო ოპოზიციაში კი - 56.

XS
SM
MD
LG