დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში შეტანილი ცვლილების შესახებ ილაპარაკეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
ამ თემაზე ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში ვკითხულობთ: „როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილების განხორციელების მიზანი საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის სრულყოფა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამის განახლების აუცილებლობას".
შეხვედრის შემდეგ თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო სანქციების ერთგული. ამავე დროს, მან საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამაც ახსენა და მისი განახლების აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი.
„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის ელჩთან. დეტალურად ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ რეგულაციაზე. დავაფიქსირეთ, რომ განხორციელებული ცვლილება ემსახურება სანქციების უნაკლო და საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების შესრულების ერთგული რჩება. რასაკვირველია, ელჩს კითხვები ქონდა ამ გადაწყვეტილებაზე, რაზეც ჩვენი მხრიდან დეტალური განმარტება მიიღო.
ასევე ვისაუბრეთ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე, იმაზე, თუ რა გამოწვევები არსებობს ამ ეტაპზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს“, - თქვა ნათია თურნავამ.
პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ილაპარაკა ეროვნულ ბანკში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებზე.
„საქართველოს ეროვნულ ბანკთან მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ. ვისაუბრეთ ეროვნულ ბანკში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებზე. ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა სებ-ის როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობის საჭიროებას. რასაკვირველია, განსაკუთრებით აღვნიშნეთ ევროკავშირის დახმარების მიმღები ყველა ქვეყნისთვის, მაკროეკონომიური სტაბილურობის აუცილებლობა. განსაკუთრებით ახლა, როცა ერთი თვის შემდეგ ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს გამოაქვეყნებს. 12 პრიორიტეტიდან მეორე პრიორიტეტში კონკრეტულად საუბარია ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება, რაც ჩვენ დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში", - ჰერჩინსკის კომენტარი სებმა გამოაქვეყნა.
14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსანს, ივანიშვილების ოჯახთან დაახლოებულ „ქართველ-რუს ოლიგარქს“, ბიზნესმენ ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა. საქართველოს საბანკო სექტორმა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო სანქციებს ემორჩილება, ფარცხალაძეზე დაკისრებული სანქციები გაითვალისწინა და მას ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა. თავდაპირველად, 17 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებმა) განაცხადა, რომ ეს ასეც უნდა ხდებოდეს და ზოგადი მითითება ყველა სანქცირებულ პირზე ვრცელდება. ამაზე მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სების გადაწყვეტილება „არაკონსტიტუციურია“. ამის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ, ზუსტად ამ არგუმენტით გამოსცა ბრძანება და „გამონაკლისი“ დაუშვა. ბრძანების თანახმად, კომერციულ ბანკებს სებისგან მოეხსნათ სანქციების გავრცელების ვალდებულება საქართველოს მოქალაქეზე, თუკი მას საქართველოს სასამართლო სისტემაში არ აქვს ბრალი დამტკიცებული.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თანამდებობა დატოვეს ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა და სების პრეზიდენტის მრჩეველმა.