რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიევის მიერ სევასტოპოლში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა შავი ზღვის ფლოტის შტაბის „ისტორიული შენობა“, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა 5 რაკეტა მოიგერიეს, უგზო-უკვლოდაა დაკარგული ერთი სამხედრო მოსამსახურე. უფრო ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ერთი ადამიანის დაღუპვას ადასტურებდა.
რუსეთს მიერ ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის შტაბზე განხორციელებულ თავდასხმას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების მფრინავებს.
ოლეშჩუკმა ტელეგრამის არხზე დაწერა: „ხომ გპირდებოდით, „გაგრძელება იქნება“. ის ირონიულად გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას 5 რაკეტის ჩამოგდებაზე და დაწერა, რომ „იმედია, შემდეგ ჯერზე რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები იმედს არ გაგვიცრუებს“.
შავი ზღვის ფლოტის შტაბზე სარაკეტო დარტყმა დღეს დილით განხორციელდა.