Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სევასტოპოლში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა შავი ზღვის ფლოტის შტაბზე


რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობა. სევასტოპოლი, 31 ივლისი, 2022.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობა. სევასტოპოლი, 31 ივლისი, 2022.

სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ 22 სექტემბერს დღისით სარაკეტო დარტყმა განხორციელდა შავი ზღვის ფლოტის შტაბზე. „ფლოტის შტაბზე მტრებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს“, - განაცხადა რაზვოჟაევმა ტელეგრამში.

„სევასტოპოლში დაიგრუხუნა სამმა მძლავრმა აფეთქებამ, რის გამოც ფანჯრების მინები შეზანზარდა“, იტყობინება krym.realii-ს კორესპონდენტი. მისი თქმით, ასევე ისმოდა რაკეტების ხმა ქალაქის სამხრეთ ნაწილში. ტელეგრამის არხები ასევე იტყობინებიან საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შესახებ ყირიმის საკისა და ბახჩისარაის რაიონებში.

მიხაილ რაზვოჟაევის სიტყვებით, ქალაქში ლუნაჩარსკის თეატრის მახლობლად ნამსხვრევი ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიული სამსახურების თანამშრომლები მივიდნენ. „დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - აღნიშნა რაზვოჟაევმა.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება, მან ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვა, სიმშვიდე შეინარჩუნონ და ინტერნეტში არ გამოაქვეყნონ ფოტო და ვიდეომასალა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 22 სექტემბერს დილით ყირიმის წინააღმდეგ განხორციელებულ იერიშში უკრაინულმა მხარემ გამოიყენა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები. განცხადების თანახმად, რუსეთის ჯარებმა შეძლეს ერთი რაკეტისა და ორი დრონის ჩამოგდება.

XS
SM
MD
LG