Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ემხრობიან რუსეთიდან საქართველოში ტრანზიტის შესაძლებლობას - მედია


ფოტო არქივიდან: ქალაქ ცხინვალის აღმნიშვნელი აბრა
ფოტო არქივიდან: ქალაქ ცხინვალის აღმნიშვნელი აბრა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის წყარომ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა რუსეთიდან საქართველოში სატრანზიტო მარშრუტის შესაძლო ამოქმედების შესახებ. როგორც მანამდე გახდა ცნობილი, ოკუპირებული ცხინვალის გავლით სატრანზიტო გზის გახსნის ინიციატივაზე ვლადიკავკაზში გამართულ რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომაზე ისაუბრეს.

"ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რა პირობებით შეგვიძლია ამის მიღება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ეს თანაბარუფლებიანი პირობებია და ჩვენ ვართ ამ ჯაჭვის ღირსეული რგოლი, მაშინ რატომაც არა? როგორი განვითარება შეიძლება გვქონდეს ჩიხში?! რა პირობებში და ვინ ვართ ამ თამაშში? ესაა საკითხავი“, - ამბობს ტელეგრამ-არხ “Сапа Цхинвал-ის" თანამოსაუბრე.

მისი სიტყვებით, ამ საკითხზე გამართულ დისკუსიაზე „სამხრეთოსური“ მხარის წარმომადგენლები მიწვეული არ ყოფილან.

„რა თქმა უნდა, გამაკვირვა, რომ მთავარ განხილვებზე ჩვენ არ მივუწვევივართ. რატომ არ მიიწვიეს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები? იქ ხომ ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის პრემიერ-მინისტრები იყვნენ. მაგრამ ჩვენებს არ აცნობეს“, - დასძინა მან.

ამასთან, წყარომ ისაუბრა მანამდე გამართული არაფორმალური შეხვედრის დეტალებზე. იქ რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენის საკითხი დაისვა.

„ადრე არაფორმალური დისკუსია გაიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობასთან. ძირითადად განიხილებოდა „ზემო ლარსი“, ვინაიდან გამშვები პუნქტი ნაკადებთან გამკლავებას ვერ ახერხებს. ამ შეხვედრაზე ინგუშებმა შესთავაზეს მათი ტერიტორიის გავლით საქართველოს მიმართულებით რკინიგზის აშენება. ხოლო სამხრეთოსური მხარის შეთავაზება იყო, რკინიგზას ჩვენზე გაევლო - სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის“, - განაცხადა წყარომ.

მანამდე რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ ისაუბრა ინგუშეთის წინადადებაზე სარკინიგზო კომუნიკაციის დაწყების შესახებ.

XS
SM
MD
LG