სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განცხადება გააკეთა ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ დაწყებულ „ანტიტერორისტულ ღონისძიებებთან“ დაკავშირებით.
"აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მთიანი ყარაბაღის თითქმის მთელი ტერიტორიის დაბომბვა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი დაიწყო მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზის გარღვევისა და პოზიციების, ასევე, ზოგიერთი ცნობით, მთიანი ყარაბაღის დასახლებების კონტროლქვეშ მოქცევის ოპერაცია. აზერბაიჯანმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდის მიზნით. სომხეთს არავისთვის მიუცია მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის განხორციელების მანდატი. ზოგიერთი შიდა და გარე ძალა სომხეთის ომში ჩათრევას ცდილობს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ: სომხეთის შეიარაღებული ძალები არ არიან მთიან ყარაბაღში. მათ ეს არ გამოუვათ. რაც არ უნდა რთული იყოს, განსაკუთრებით ემოციურად, ჩვენ არ უნდა მივცეთ ზოგიერთ ძალას, გარეს თუ შიდას, საშუალება, საფრთხე შეუქმნას სომხეთის სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ერევნის ცენტრში კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე ასეული ადამიანი სომხეთის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბა. ისინი პრემიერ ფაშინიანს ადანაშაულებენ იმაში, რომ მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობა მისმა პოლიტიკამ გამოიწვია.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიღუპა, სულ მცირე, ორი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - ერთი ბავშვი, 11 კი დაშავდა, მათ შორის - 8 ბავშვი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე გააფრთხილა.
ევროკავშირმა 19 სექტემბერს დაგმო სამხედრო ესკალაცია ყარაბაღში და აზერბაიჯანს მოუწოდა, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაში.
ბაქო აცხადებს, რომ "სამიზნეს არ წარმოადგენს სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები, მწყობრიდან მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები გამოდის".
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმირებულია რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი და თურქეთ-რუსეთის მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობა.
მანამდე ბაქომ გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომლის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაღუპვის შესახებ. აზერბაიჯანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ნაღმი დადებული იყო "ტერორისტული მიზნებით სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მიერ აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში".
მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობა ძირითადად ეთნიკურად სომხები არიან. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო არ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს. სომხური თემის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არცერთმა ქვეყანამ, მათ შორის სომხეთმაც არ აღიარა. 2020 წლის შემოდგომაზე ხანმოკლე ომის შედეგად, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერეს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას. ბაქომ დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღისა და მისი მიმდებარე აზერბაიჯანული ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისში სომხური ჯარების მიერ იყო ოკუპირებული. რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.