სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს დღეს, 15 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისთან.
"ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს", - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ამ ცნობის თანახმად, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
მომხდართან დაკავშირებით რადიო თავისუფლება დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს. არსებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის მკვიდრია და ის ახალგორის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
ამ დრომდე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაშია საქართველოს 4 მოქალაქე.