Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ანთაძე 4 დაკავებულზე ცხინვალიდან "პოზიტიურ სიახლეს" მოელის


შეხვედრა ერგნეთში. 12 სექტემბერი, 2023 წელი
შეხვედრა ერგნეთში. 12 სექტემბერი, 2023 წელი

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის(IPRM) ფარგლებში გამართული 114-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 4 მოქალაქესთან დაკავშირებით პოზიტიურ სიახლეს მოელიან.

„არ ვისაუბრებ დეტალებზე ახლა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ახლო მომავალში გვექნება საშუალება, ოჯახებს ვამცნოთ გარკვეული პოზიტიური ამბავი მათ ბედთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს უკანონო ე.წ ბორდერიზაციის საკითხი, რაც ერთ-ერთი მთავარი პუნქტია ქართული მხარის დღის წესრიგში. ირაკლი ანთაძის განცხადებით, წლის განმავლობაში იყო უკანონო ე.წ ბორდერიზაციის 28 შემთხვევა.

„დაფიქსირდა კიდევ ერთხელ აქტიური პროტესტი და მიუღებლობა, ვინაიდან ეს პროცესი ძირეულად ლახავს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და ყოველდღიური რისკის ქვეშ არის მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ოპონენტის პოზიცია ცნობილია და აქ ძირეული პროგრესი არ ყოფილა“, - თქვა ირაკლი ანთაძემ.

დღესვე ერგნეთში განიხილეს მოსახლეობისთვის სარწყავი წყლის მიწოდების საკითხი, რომელიც მანამდე ტექნიკური ჯგუფის განსახილველ საკითხთა სიაში იყო.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 1 ნოემბერს გაიმართება.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG