Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა შოვსა და გურიაში დაღუპული თითოეული ადამიანის ოჯახს 20 ათას ლარს მისცემს


შოვი. 5 აგვისტო, სტიქიური უბედურებიდან მესამე დღე
შოვი. 5 აგვისტო, სტიქიური უბედურებიდან მესამე დღე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, შოვში 3 აგვისტოს განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახებს ერთჯერადად 20 ათას ლარს გადასცემენ. ამის შესახებ მან თქვა დღეს, 15 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

იმავე ოდენობის თანხას მიიღებენ გურიაში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო დაღუპულთა ოჯახები.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის. თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით", - თქვა ღარიბაშვილმა.

განვითარებული მეწყრული პროცესების გამო:

  • შოვში 32 ადამიანი დაიღუპა, ამ დრომდე ეძებენ ერთი არასრულწლოვანის ცხედარს;
  • გურიაში 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 მოზარდი იყო.
8 სექტემბერს სტიქიისგან გურიის რეგიონის მრავალი სოფელი დაზარალდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, ძლიერი ნალექის შედეგად დაიმეწყრა რამდენიმე სოფელი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.
3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი.

პრემიერმა ასევე თქვა, რომ იმ ოჯახებს, რომლებსაც გურიაში მეწყრული პროცესების შედეგად დაუზიანდათ ან დაენგრათ სახლები და იმ ადგილზე ცხოვრება შეუძლებელია, სახელმწიფო ან კომპენსაციას მისცემს, ან ალტერნატიულ საცხოვრებელს უყიდის.

"მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის, არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით და მოვაგვარებთ მათ პრობლემებს", - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG