რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემებიდან, რომლებზეც უკრაინის თავდაცვის ძალებმა 14 სექტემბერს იერიში მიიტანეს, ერთი „სერგეი კოტოვია“. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ აცნობა წყარომ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოდან.
წყარომ დაადასტურა, რომ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრ მიხაილო ფიოდოროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ვიდეო „სერგეი კოტოვზე“ შეტევას ასახავს.
ფიოდოროვმა ვიდეო 14 სექტემბერს, ღამით, გაავრცელა და დაწერა, რომ მუშაობს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო, მუშაობენ დონორები და უკრაინული ტექნოლოგიები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 სექტემბერს, დილით, გამოაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავი ზღვის აკვატორიაში 5 უეკიპაჟო კატერით სცადეს საპატრულო გემ „სერგეი კოტოვზე“ შეტევა და გემის „საშტატო შეიარაღებიდან“ ხუთივე კატერი გაანადგურეს.
14 სექტემბერს, ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა დააზიანეს რუსეთის ორი საპატრულო გემი. სტრატკომის ინფორმაციით, შეტევა შავი ზღვის აკვატორიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში განხორციელდა რუსეთის ფლოტის პროექტ 22160-ის გემებზე. ამ პროექტის საპატრულო გემებია: „ვასილი ბიკოვი“, „სერგეი კოტოვი“, „პაველ დერჟავინი“ და „დმიტრი როგაჩოვი“.