Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილმა ურზულა ფონ დერ ლაიენს ბრიუსელში წარმოთქმული სიტყვისთვის მადლობა გადაუხადა


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის სიტყვით გამოსვლას ტვიტერში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან ევროკომისიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო მონდომებულია, რომ წლის ბოლომდე მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

„პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, მადლობა სიტყვისთვის, რომელიც ხვალინდელი ევროპისთვის მკაფიო ხედვასა და გზას განსაზღვრავს.

საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს.

მე, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამ პერსპექტივის რეალობად ქცევისადმი თავდადებულია, ძალისხმევას არ დავიშურებ.

ქართველი ერი, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს, მის (ევროკავშირის) მომავალსაც გაიზიარებს!" - დაწერა ზურაბიშვილმა.

13 სექტემბერს სიტყვაში ურზულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირში არსებული ვითარების თავისეული ხედვა წარადგინა. მან გამოსვლაში ახსენა საქართველო. „უკრაინის მომავალი ჩვენს კავშირშია, დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ჩვენს კავშირშია, მოლდოვის მომავალი ჩვენს კავშირშია“, - თქვა მან და დაამატა: „ვიცი, თუ როგორი მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა საქართველოში მცხოვრები ბევრი ადამიანისათვის.“

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

XS
SM
MD
LG