Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საელჩოს განცხადებით, აშშ-ს საქართველოსთვის არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა


ფოტოილუსტრაცია: საქართველოსა და აშშ-ის დროშები
ფოტოილუსტრაცია: საქართველოსა და აშშ-ის დროშები

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის შექმნის წინადადების შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში. მან საქართველოს მიმართ ასეთი შეთავაზება უარყო.

„აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს NATO-ში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სიცრუე უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს საქართველოში სამხედრო ბაზის აშენება სურდა და ქვეყნისგან თანხმობა ვერ მიიღო.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტი 12 სექტემბერს მთავარ გამოშვებაში გასულ სიუჟეტში ჰყვებოდა, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2021 წლის ოქტომბერში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი საქართველოში "უპრეცედენტო შეთავაზებით" ჩამოვიდა - "შეერთებული შტატები მზაობას გამოთქვამდა, გაეხსნა სრულფასოვანი სამხედრო ბაზა საქართველოში, 1800-კაციანი კონტინგენტი, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებლობას იღებდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე". "მთავარი არხის" ინფორმაციით, "ოცნებამ ისტორიულ შესაძლებლობაზე უარი თქვა და ბედის ანაბარა დაგვტოვა".

ჟურნალისტს ერთ-ერთ წყაროდ ჩაწერილი ჰყავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე, რომელიც ამ თანამდებობაზე კანდიდატად "ნაციონალურმა მოძრაობამ" წარადგინა.

"მათ შესთავაზეს ქართულ მხარეს კონკრეტული დახმარება, ნებისმიერი რაოდენობის, ტიპის და იმ ტემპით, რაც აუცილებელი იყო ამ იარაღის მოწოდებისთვის. ამას რომ ამბობდა ეს ადამიანი, მე ვკითხე, იყო თუ არა საუბარი აშშ-ის ბაზაზე საქართველოში, რაზეც მივიღე დადებითი პასუხი. ციტატა არის ასეთი: "ჩვენ მზად ვიყავით ამაზეც გველაპარაკა. ჩვენ გვქონდა შეხვედრათა რაუნდები, მაგრამ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ არჩია, მათი თქმით, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა", - ამბობდა ბასილაია-შავგულიძე სიუჟეტში.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი 2021 წლის ოქტომბერში საქართველოსა და უკრაინაში ჩავიდა. უკრაინამ აშშ-ისგან სამედიცინო ტვირთი და შეიარაღების მეორე პარტია მიიღო. საერთო ჯამში, 60 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდება აგვისტოში ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ვიზიტისას შეთანხმდა.

მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ არ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა დახმარება მოითხოვა და რას მიიღებს მომავალში აშშ-ისგან საქართველო. მაშინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ თქვა, რომ ხელისუფლების დუმილის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ჩრდილოელი მეზობლის - რუსეთის - „არგაღიზიანების პოლიტიკა“.

XS
SM
MD
LG