მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზების საქართველოში აშენებაზე საუბარი არ ყოფილა. მან "მთავარი არხის" გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას ჟურნალისტებს თანაგუნდელების მსგავსად უთხრა, რომ ერთადერთი, რაც ქვეყანას დაიცავს, ნატოს სამხედრო ალიანსის წევრობაა.
"მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. თუ გაქვთ რაიმე კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილი ოფიციალური უწყებიდან ან ოფიციალური პირებისგან, შეგიძლიათ წარმოადგინოთ. ერთადერთი, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს, ეს არის ნატოს წევრობა. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, მზად ვართ, ბატონო! არ გვინდა ეს ღია კარი. წლებია გვესმის, რომ კარი ღიაა, კარი ღიაა. არ გვინდა ეს ღია კარი. თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატოს წევრი!" - ამბობს კახა კალაძე, თბილისის მერი და პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი.
ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტი 12 სექტემბერს მთავარ გამოშვებაში გასულ სიუჟეტში ჰყვებოდა, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2021 წლის ოქტომბერში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი საქართველოში "უპრეცედენტო შეთავაზებით" ჩამოვიდა - "შეერთებული შტატები მზაობას გამოთქვამდა, გაეხსნა სრულფასოვანი სამხედრო ბაზა საქართველოში. 1800-კაციანი კონტინგენტი, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებლობას იღებდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე". "მთავარი არხის" ინფორმაციით, "ოცნებამ ისტორიულ შესაძლებლობაზე უარი თქვა და ბედის ანაბარა დაგვტოვა".
ლოიდ ოსტინი 2021 წლის ოქტომბერში საქართველოსა და უკრაინაში ჩავიდა. უკრაინამ აშშ-ისგან სამედიცინო ტვირთი და შეიარაღების მეორე პარტია მიიღო. საერთო ჯამში, 60 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდება აგვისტოში ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ვიზიტისას შეთანხმდა.
მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ არ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა დახმარება მოითხოვა და რას მიიღებს მომავალში აშშ-ისგან საქართველო. მაშინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ თქვა, რომ ხელისუფლების დუმილის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ჩრდილოელი მეზობლის - რუსეთის - „არგაღიზიანების პოლიტიკა“.