Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში მესამედ აღმოაჩინეს სავარაუდოდ რუსეთის დრონის ნამსხვრევები


რუმინეთის არმიის ჯარისკაცები ბომბსაცავებს აშენებენ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონში.
რუმინეთის არმიის ჯარისკაცები ბომბსაცავებს აშენებენ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონში.

ოთხშაბათს რუმინეთში კვლავ აღმოაჩინეს ნამსხვრევები, რომლებიც შეიძლება ეკუთვნოდეს რუსეთის უპილოტო საფრენ აპარატს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. უწყება იტყობინება, რომ დრონის ფრაგმენტები რამდენიმე ათეულ მეტრზეა მიმოფანტული რუმინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ტულჩის რაიონის ნუფერულ-ვიქტორიას რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება.

ოთხშაბათს დილით რუმინეთის საზღვარზე, დუნაიზე უკრაინის იზმაილისა და რენის პოსტებზე რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი თავდასხმის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტულჩის მაცხოვრებლებს საჰაერო საფრთხის შესახებ შეატყობინა. ხალხს სახლში დარჩენა ან სარდაფებში შეფარება უბრძანეს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, რაც რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონები ან მათი ნამსხვრევები ვარდება. მსგავსი შემთხვევა პირველად 6 სექტემბერს მოხდა, მეორედ - 9 სექტემბერს.

10 სექტემბერს რუმინეთმა ბუქარესტში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს პროტესტი გამოუხატა რუმინეთის ტერიტორიაზე იმ დრონის ფრაგმენტების სავარაუდო დაცემასთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობითაც რუსეთის სამხედროებმა იერიში მიიტანეს უკრაინის პორტებზე დუნაიზე.

შაბათს პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა გამოაცხადა რუსეთის მიერ სუვერენული საჰაერო სივრცის დაუშვებელი დარღვევის შესახებ. მისი თქმით, რუმინეთი მიიჩნევს, რომ რუსეთის თავდასხმები საფრთხეს უქმნის ქვეყნის მოსახლეობას. მან სიტუაცია ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან განიხილა. სტოლტენბერგმა დაადასტურა ბუქარესტთან ნატოს სოლიდარობა.

როგორც სტოლტენბერგმა სოციალურ მედია X-ში დაწერა, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსული დრონები განზრახ შევიდნენ რუმინეთის ტერიტორიაზე, მაგრამ თქვა, რომ დარტყმები იწვევს „[სიტუაციის] დესტაბილიზაციას“. ის მიესალმა აშშ-ის ადრინდელ გადაწყვეტილებას ქვეყანაში სასაზღვრო პატრულისთვის დამატებითი F-16 თვითმფრინავების გაგზავნის შესახებ.

რუმინეთი ამჟამად უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში ბეტონისგან დამზადებულ დროებით თავშესაფრებს აშენებს.

ოთხმხრივი მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ რუსეთმა გააძლიერა თავდასხმები დუნაიზე მდებარე უკრაინის პორტებზე, რომლებიც რუმინეთის ტერიტორიის სიახლოვეს არის განლაგებული. ამ პორტებიდან უკრაინა მარცვლეულს და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს აგზავნის შავი ზღვის გავლით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აზიისა და აფრიკის უღარიბეს ქვეყნებში.

XS
SM
MD
LG