Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, არ არსებობს ომში რუმინეთის ჩათრევის საფრთხე


უკრაინის საზღვართან მდებარე რუმინული სოფელი პლაურუ
უკრაინის საზღვართან მდებარე რუმინული სოფელი პლაურუ

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ, 11 სექტემბერს განაცხადა, რომ „არ არსებობს საფრთხე“, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი რუმინეთი ომში იქნება ჩათრეული მას შემდეგ, რაც ამ დღეებში დრონის ნამსხვრევები აღმოჩნდა რუმინეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრის მახლობლად.

„ყველაზე მნიშვნელოვანია იმის კიდევ ერთხელ გამეორება, რომ არ არსებობს [რუსეთის მხრიდან] რუმინეთის და, შესაბამისად ნატოს, ტერიტორიაზე დარტყმის განზრახ განხორციელების არავითარი ნიშნები“, - განუცხადა ჯოანამ ჟურნალისტებს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის მახლობლად სკოლაში გამართულ შეხვედრაზე.

კვირას ნატოს წევრ რუმინეთში ერთი კვირის განმავლობაში მეორედ იპოვეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები. ისინი უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ პლაურუსთან აღმოაჩინეს.

10 სექტემბერს რუმინეთმა ბუქარესტში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს პროტესტი გამოუხატა რუმინეთის ტერიტორიაზე იმ დრონის ფრაგმენტების სავარაუდო დაცემასთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობითაც რუსეთის სამხედროებმა იერიში მიიტანეს უკრაინის პორტებზე დუნაიზე.

შაბათს პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა გამოაცხადა რუსეთის მიერ სუვერენული საჰაერო სივრცის დაუშვებელი დარღვევის შესახებ. მისი თქმით, რუმინეთი მიიჩნევს, რომ რუსეთის თავდასხმები საფრთხეს უქმნის ქვეყნის მოსახლეობას. მან სიტუაცია ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან განიხილა. სტოლტენბერგმა დაადასტურა ბუქარესტთან ნატოს სოლიდარობა.

როგორც სტოლტენბერგმა სოციალურ მედია X-ში დაწერა, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსული დრონები განზრახ შევიდნენ რუმინეთის ტერიტორიაზე, მაგრამ თქვა, რომ დარტყმები იწვევს „[სიტუაციის] დესტაბილიზაციას“. ის მიესალმა აშშ-ის ადრინდელ გადაწყვეტილებას ქვეყანაში სასაზღვრო პატრულისთვის დამატებითი F-16 თვითმფრინავების გაგზავნის შესახებ.

ბუქარესტმა რუმინეთის ტერიტორიაზე ნამსხვრევების ჩამოვარდნა პირველად ოთხშაბათს, 6 სექტემბერს აღიარა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო უშვებს, რომ ახალი ნამსხვრევები იმავე დრონს ეკუთვნის, თუმცა აღმოჩენების ერთმანეთისგან დაშორების გამო ამას ნაკლებად სავარაუდოს უწოდებს.

უკრაინამ 4 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაჰედის უპილოტო თვითმფრინავების მიერ რუსული თავდასხმის დროს იზმაილისა და რენის პორტებზე, ორი თვითმფრინავი რუმინეთის ტერიტორიაზე დაეცა.

XS
SM
MD
LG