Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუქარესტმა მოსკოვს პროტესტი გამოუცხადა რუმინეთში ნაპოვნი დრონის ნამსხვრევების გამო


ტულჩეის რეგიონში ნაპოვნი დრონის ნამსხვრევები.
ტულჩეის რეგიონში ნაპოვნი დრონის ნამსხვრევები.

რუმინეთმა ბუქარესტში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს პროტესტი გამოუხატა რუმინეთის ტერიტორიაზე იმ დრონის ფრაგმენტების სავარაუდო დაცემასთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობითაც რუსეთის სამხედროებმა იერიში მიიტანეს უკრაინის პორტებზე დუნაიზე. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება რუმინულ მედიაზე დაყრდნობით.

გუშინ ნატოს წევრ რუმინეთში ერთი კვირის განმავლობაში მეორედ იპოვეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები. ისინი უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ პლაურუსთან აღმოაჩინეს.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო მდივანმა სტრატეგიულ საკითხებში, იულიან ფოტამ რუმინეთში რუსეთის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ელენა კოპნინას რუმინეთის მხარის პროტესტი გამოუცხადა რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით. მან ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთის ჯარების სისტემატური, გაუმართლებელი და ბარბაროსული თავდასხმები უკრაინის მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“ სხვა საკითხებთან ერთად საფრთხეს უქმნის რუმინეთის მოქალაქეებს. ფოტამ რუსულ მხარეს გადასცა მოთხოვნა, შეწყვიტოს ეს თავდასხმები.

კოპნინამ ტასს განუცხადა, რომ რუმინულ მხარეს არ წარმოუდგენია „კონკრეტული მტკიცებულება“, რომ ნამსხვრევები მართლაც რუსულ დრონს ეკუთვნოდა. მისი თქმით, აღმოჩენილი ფრაგმენტები „უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცუდ მუშაობას მოწმობს" და რუსეთი არ უქმნის საფრთხეს რუმინეთის მოქალაქეებს.

გუშინ პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა გამოაცხადა რუსეთის მიერ სუვერენული საჰაერო სივრცის დაუშვებელი დარღვევის შესახებ. მისი თქმით, რუმინეთი მიიჩნევს, რომ რუსეთის თავდასხმები საფრთხეს უქმნის ქვეყნის მოსახლეობას. მან სიტუაცია ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან განიხილა. სტოლტენბერგმა დაადასტურა ბუქარესტთან ნატოს სოლიდარობა.

როგორც სტოლტენბერგმა სოციალურ მედია X-ში დაწერა, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსული დრონები განზრახ შევიდნენ რუმინეთის ტერიტორიაზე, მაგრამ თქვა, რომ დარტყმები იწვევს „[სიტუაციის] დესტაბილიზაციას“. ის მიესალმა აშშ-ის ადრინდელ გადაწყვეტილებას ქვეყანაში სასაზღვრო პატრულისთვის დამატებითი F-16 თვითმფრინავების გაგზავნის შესახებ.

ბუქარესტმა რუმინეთის ტერიტორიაზე ნამსხვრევების ჩამოვარდნა პირველად ოთხშაბათს, 6 სექტემბერს, აღიარა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო უშვებს, რომ ახალი ნამსხვრევები იმავე დრონს ეკუთვნის, თუმცა აღმოჩენების ერთმანეთისგან დაშორების გამო ამას ნაკლებად სავარაუდოს უწოდებს.

უკრაინამ 4 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაჰედის უპილოტო თვითმფრინავების მიერ რუსული თავდასხმის დროს იზმაილისა და რენის პორტებზე, ორი თვითმფრინავი რუმინეთის ტერიტორიაზე დაეცა.

XS
SM
MD
LG