Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთმა და ლატვიამ შესვლა აუკრძალეს რუსულნომრიან მანქანებს


სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რუსეთ-ესტონეთის საზღვარზე, ნარვა. 18 სექტემბერი, 2022 წელი
სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რუსეთ-ესტონეთის საზღვარზე, ნარვა. 18 სექტემბერი, 2022 წელი

ესტონეთმა და ლატვიამ გარე საზღვრის მხრიდან ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს რუსულნომრიან ავტომობილებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაცია, რომ კერძო მანქანების ევროკავშირში შესვლა არალეგალურ იმპორტად უნდა ჩაითვალოს. მანამდე ქვეყანაში რუსული სანომრე ნიშნებიანი მანქანების შესვლის შეზღუდვები გამოაცხადა ლიეტუვის ხელისუფლებამ. ლიეტუვაში შესვლა ახლა შესაძლებელია მხოლოდ ტრანზიტით - კალინინგრადში და უკან.

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლაური ლაენემეტსმა თქვა, რომ მანქანით შესვლის აკრძალვა მიზნად ისახავს მოსკოვისთვის „აგრესიის ღირებულების ამაღლებას“, რათა „აიძულოს აგრესორი ქვეყანა, [უკრაინიდან] საკუთარი საზღვრებისკენ დაიხიოს“. მინისტრის სიტყვები გაზეთ Postimees-ს მოჰყავს.

ლატვიასა და ესტონეთში განმარტეს, რომ მანქანებისთვის შიდა საზღვრით ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან შესვლა ნებადართულია. ლიეტუვას მსგავსი განმარტებები არ გაუკეთებია. ყველა ქვეყანამ აღნიშნა, რომ შეზღუდვები ვრცელდება ევროკავშირის მოქალაქეებზეც და იმ პირებზეც, რომლებსაც ბინადრობის ნებართვა აქვთ ევროკავშირსა და, კერძოდ, ბალტიის ქვეყნებში.

ლიეტუვის საბაჟოს ხელმძღვანელმა დარიუს ჟვირონასმა რადიოსადგურ LRT-ს ეთერში აღნიშნა, რომ მომავალში ევროკომისიის განმარტებებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს იმ მანქანებზეც, რომლებიც უკვე იმყოფება ევროკავშირში. „მჯერა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქე, რომლებსაც მანქანები რუსეთში აქვთ რეგისტრირებული, უნდა შეშფოთდეს და მესამე ქვეყნებში წავიდეს ამ სატრანსპორტო საშუალებით“, - მოჰყავს ჟვირონასის სიტყვები გამოცემა Delfi-ს.

XS
SM
MD
LG