Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია: ევროკავშირში რუსული სანომრე ნიშნებიანი ავტომანქანით შესვლა აკრძალული იმპორტია


ევროკომისიამ დაადასტურა რუსეთთან მიმართებაში სანქციების კანონმდებლობის ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთში რეგისტრირებული მანქანებით ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა შეიძლება ჩაითვალოს აკრძალულ იმპორტად. ევროკომისიის შესაბამისი დოკუმენტის ბმული - 8 სექტემბრის მდგომარეობით სანქციების გამოყენების განმარტება - პირველად RBC-მ გამოაქვეყნა 10 სექტემბერს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია გერმანიის საბაჟოზე რუსეთში რეგისტრირებული მანქანების დაკავების რამდენიმე შემთხვევის შესახებ, რომლებითაც რუსეთის მოქალაქეები ცდილობდნენ გერმანიაში შესვლას. მებაჟეებმა მოიხმეს ევროკავშირის სანქციების ნორმები. თუმცა, მსგავსი შემთხვევები ევროკავშირის სხვა ქვეყნებში არ დაფიქსირებულა, გერმანიაში კი მხოლოდ რამდენიმე მსგავსი შემთხვევა არის ცნობილი.

თუმცა, ევროკომისიის განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ, მოქმედი სანქციების რეჟიმის მიხედვით, რუსეთში რეგისტრირებული მანქანების ევროკავშირში შესვლა მართლაც შეიძლება ჩაითვალოს აკრძალულ იმპორტად. „არა აქვს მნიშვნელობა, ავტომობილი გამოიყენება კერძო თუ კომერციული მიზნებისთვის, თუკი მასზე ვრცელდება XXI დანართში ჩამოთვლილი საბაჟო კოდები, არის რუსეთიდან და რეგისტრირებულია რუსეთში“, ნათქვამია ევროკომისიის დოკუმენტში.

აღნიშნულ დანართში ჩამოთვლილია საქონელი, რომლის რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტი აკრძალულია. თუ ევროკომისიის განმარტების სიტყვასიტყვით ინტერპრეტაციას მოვახდენთ, როგორც ამას RBC-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები აკეთებენ, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ევროკავშირის ქვეყნების საბაჟო ორგანოებმა შეიძლება ევროკავშირში არ შეუშვან არა მხოლოდ მანქანები, არამედ რუსეთის მოქალაქეების პირადი ნივთები, მათ შორის - ლეპტოპები, სმარტფონები, კამერები, კოსმეტიკა, ჩემოდნები და ტუალეტის ქაღალდი.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ევროკომისიის განმარტებები, მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებულია მის ოფიციალურ ვებსაიტზე, საკონსულტაციო ხასიათისაა, ვინაიდან „ევროკავშირის კანონმდებლობის ინტერპრეტაციის უფლება აქვს მხოლოდ ევროპულ სასამართლოს“. რამდენად იხელმძღვანელებენ პრაქტიკაში ამ განმარტებებით მებაჟეები, გაურკვეველია. თუმცა ფინეთში რუსეთის საელჩომ უკვე გასცა რეკომენდაცია ქვეყანაში რუსული სანომრე ნიშნებით მგზავრობისგან თავის შეკავების შესახებ.

გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადრე აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმპორტისთვის აკრძალული ნივთების სია ივნისში ამოქმედდა, საბაჟო კონტროლი „ტარდება შერჩევით და ორიენტირებულია განსაკუთრებულ რისკებზე“. ამასთან, რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, ფორმალური აკრძალვა პრაქტიკულად არ სრულდება, რადგან საბაჟო ორგანომ უნდა დაამტკიცოს, რომ ამოღებული ნივთები და საგნები წარმოებულია რუსეთში, რაც დაკავშირებული იქნება უზარმაზარ დროსთან. ამიტომ რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე დე ფაქტო შეიძლება პრობლემები შეექმნათ მანქანების გამო, მაგრამ არა ლეპტოპების ან კოსმეტიკური საშუალებების გამო. თუმცა ეს მოსაზრებები 8 სექტემბერს ევროკომისიის განმარტებებამდეც გამოითქვა.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 პაკეტი დააწესა. ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სანქციების მთავარი მიზანია, რუსეთის ხელისუფლებას შეუზღუდოს შემოსავლის მიღებისა და ომის დაფინანსების შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG