Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული თვითმფრინავი იძულებული გახდა, აეროპორტის ნაცვლად სოფლის მინდორში დაშვებულიყო


„ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ნოვოსიბირსკის ოლქის ერთ-ერთ სოფელთან, მინდორში.
„ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ნოვოსიბირსკის ოლქის ერთ-ერთ სოფელთან, მინდორში.

რუსული ავიაკომპანიის, „ურალის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი Airbus -A320 იძულებული გახდა, ავარიულად დაშვებულიყო ნოვოსიბირსკის ოლქის ერთ-ერთ სოფელთან, მინდორში. თვითმფრინავი სოჭი-ომსკის რეისს ასრულებდა.

რუსული სააგენტო „ტასი“ დასავლეთ ციმბირის სატრანსპორტო პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავში იმყოფებოდა 159 მგზავრი, მათ შორის 23 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი. ამავე სააგენტოს ომსკის ოლქის გუბერნატორმა ვიტალი ხოცენკომ განუცხადა, რომ პრობლემა შეექმნა თვითმფრინავის ჰიდროსისტემას. გუბერნატორის წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ინციდენტის შესასწავლად სპეციალური კომისია შექმნა.

2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის და ევროკავშირის სანქციების ამოქმედების შემდეგ, რუსული მედია წერდა, რომ სანქციები ყველაზე მეტად დააზარალებდა „ურალის ავიახაზებს“, რომელიც მგზავრებს მხოლოდ ევროპაში წარმოებული თვითმფრინავებით, Airbus-ით ემსახურება. ევროკავშირმა თავის საჰაერო სივრცეში რუსული ავიაკომპანიების მიმოსვლის გარდა, აკრძალა რუსეთის ავიაგადამზიდავებისთვის თვითმფრინავების და მათთვის საჭირო ტექნიკის მიწოდება, მომსახურება, დაზღვევა და ლიზინგი.

„ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავს უკავშირდება კიდევ ერთი ინციდენტი. 2019 წლის აგვისტოში თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-სიმფეროპოლის რეისს ასრულებდა, იძულებული გახდა, ავარიულად დაშვებულიყო მოსკოვის მახლობლად, სიმინდის ყანაში. მაშინ ავიაკომპანიამ მიზეზად დაასახელა თვითმფრინავთან ფრინველების შეტაკება.

XS
SM
MD
LG