თბილისი-მოსკოვის რეისის შესრულების დროს პრობლემა შეექმნა რუსულ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ს. გუშინ, 2 აგვისტოს, საღამოს, აფრენიდან 20 წუთში თვითმფრინავი უკან დაბრუნდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
რადიო თავისუფლებას წყარო ეუბნება, რომ თვითმფრინავმა შასი ვერ დაკეცა. კომპანიამ დათქმულ დროს ფრენა რომ ვერ შეასრულა, ვებგვერდ flightradar-ის მონაცემებითაც დასტურდება.
Azimuth Airlines-ის ფრენა 22:45 წუთზე უნდა შესრულებულიყო. თვითმფრინავი დაახლოებით 6 საათის შემდეგ, 04:35 საათზე, გაფრინდა. ამ რეისისთვის თვითმფრინავი კომპანიამ თბილისში ჩაიყვანა რუსეთის სხვა აეროპორტიდან - Mineralnye Vody-დან.
ივლისში ავიაკომპანიის ერთ-ერთ თვითმფრინავს პრობლემა მინვოდი-ერევნის რეისზეც შეექმნა.
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები წლების განმავლობაში იყო შეწყვეტილი, თუმცა 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
დასავლეთის ბევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ, რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. აშშ შეაშფოთა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების განახლებამ - იგი ფიქრობს, რომ ამან შესაძლოა, სანქციების რისკი შეუქმნას კომპანიებს საქართველოს აეროპორტებში.