რევაზ ჯაველიძეს, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, 11 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს აშშ-ში პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის კერძო ვიზიტის დაფინანსების შესახებ. მედია დაინტერესდა, პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრებთან ერთად გასამგზავრებლად მიუნხენში, რომელი ხელშეკრულების საფუძველზე გამოიყენეს სამთავრობო თვითმფრინავი.
„არაერთი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხელშეკრულებას, როდის დაიდო ეს ხელშეკრულება, ვერ გეტყვით, ამის შესახებ უნდა მიმართოთ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. კონკრეტული დოკუმენტი არ მინახავს, მაგრამ გარკვეული კომუნიკაცია, მე დარწმუნებული ვარ, არსებობს მასა და იმ ორგანიზაციას შორის, რომელიც უზრუნველყოფს მის ფრენებს. რაც შეეხება ხელშეკრულებას, მე უკვე გიპასუხეთ, რომ უნდა მიმართოთ ბატონი ანზორ ჩუბინიძის უწყებას. ხარჯებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია იქნება წარმოდგენილი ბატონი ანზორ ჩუბინიძის უწყებაში.
პირთა წრე საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს, ოჯახის წევრებმა არ შეიძლება მონაწილეობა მიიღონ პროცესში? მთავარია, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ არის გადახდილი. მთავარი ეს არის, მე მგონი, ჩვენს მოსახლეობას ეს აინტერესებს, სახელმწიფომ გაიღო თუ არა ეს ხარჯი. მე შემიძლია ეს დაგიდასტუროთ, რომ - არა. უნდა მიმართოთ ბატონი ანზორ ჩუბინიძის უწყებას და დარწმუნებული ვარ, ის გააკეთებს შესაბამის კომენტარს და განცხადებას“, - თქვა რევაზ ჯაველიძემ.
მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა თავის ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით თბილისიდან გაემგზავრა ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო იქიდან რეგულარული რეისით - აშშ-ის მიმართულებით. ფრენის საფასური პრემიერ-მინისტრმა თავად გადაიხადა.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სამთავრობო ბორტი 28 აგვისტომდე, ანუ დაახლოებით ერთი კვირა უცდიდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, საიდანაც საქართველოში ჩამოიყვანა აშშ-დან დაბრუნებული პრემიერი და მისი ოჯახის წევრები.
არ არის ცნობილი, რა დაუჯდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შვილთან ერთად აშშ-ში მოგზაურობა. ბოლო დეკლარაცია მან 2022 წლის ოქტომბერში შეავსო, რომლის მიხედვითაც, მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 45 ათასი ლარი იყო. ამავე დეკლარაციაში წერია ისიც, რომ მას მშობლებმა 150 ათასი ლარი აჩუქეს.