Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს გურიაში მომხდარი ტრაგედიის გამო


ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მწუხარებას გამოხატავს, გურიაში, სტიქიის შედეგად სამი ადამიანის დაღუპვის გამო.

„დიდად ვწუხვართ ყმაწვილების, თორნიკე ჩხარტიშვილისა და იური (გიორგი) გუჯაბიძის, ასევე ქალბატონ თინათინ რუხაძის გარდაცვალების გამო, რომელნიც ჩამოწოლილმა მეწყერმა შეიწირა... აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის, რათა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ იგინი სავანესა მართალთასა განაწესოს, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს შინაგანი ძალა ამ ტკივილის დასაძლევად და რწმენაში გასაძლიერებლად“, - ვკითხულობთ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღნიშნავს, რომ სტიქიურმა უბედურებებმა „მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც მოიცვა. უხვმა ნალექმა დიდი ზარალი მიაყენა კახეთს, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში გურიაში მოხდა, ფაქტიურად შოვის ტრაგედიის გაგრძელებად იქცა“.

„ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს გურია, მისი მკვიდრნი და სრულიად საქართველო“, - ვკითხულობთ ილია II-ის სახელით, საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ძლიერი წვიმის შედეგად, 8 სექტემბერს, გურიის რეგიონში დაიტბორა და დაიმეწყრა არაერთი სოფელი. ნაწილი კი გარე სამყაროს მოწყდა. ადიდდა პატარა მდინარეებიც. ფოტო და ვიდეომასალიდან ჩანს, რომ მიწის მასა და წყალი ადგილობრივებს სახლებსა და კარმიდამოებში შეუვარდა. დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

შს სამინისტროს სამაშველო სამსახურის ბოლო ცნობით, „მეხანძრე-მაშველების მიერ ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 122 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის მცირეწლოვნების და არასრულწლოვანების“. უამინდობა გაგრძელდა 9 სექტემბერსაც.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალისტების ჯგუფები მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების მეწყრული პროცესებისაგან დაზიანების ხარისხის შესაფასებლად სტიქიის ზონაში რჩებიან და რეგიონში განვითარებული მოვლენების შესწავლას აგრძელებენ.

„ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, 9 სექტემბრის მდგომარეობით, შეფასდა 18 ინფრასტრუქტურული ობიექტი, 19 დასახლება და 80 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. ასევე, 35 ოჯახზე გაიცა რეკომენდაცია გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის შესახებ“, - აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტო მიუთითებს, რომ გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის ტერიტორიაზე წყლის შეგუბება გამოვლინდა. უწყების ცნობით, ტერიტორია სპეციალისტებმა ვერტმფრენით დაათვალიერეს და„შეგუბებები, ან რაიმე ტიპის მეწყრულ გრავიტაციული პროცესების კვალი არ დაფიქსირებულა“.

სააგენტო აღნიშნავს, რომ "მაღალმთიანი გურია, ბუნებრივი საფრთხეებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ბოლო 10-15 წლის მანძილზე, ერთ-ერთ რთულ მხარეს წარმოადგენს".

XS
SM
MD
LG