Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია დაიშალა


"ნაციონალური მოძრაობის" შენობა
"ნაციონალური მოძრაობის" შენობა

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე დიდი მხარდამჭერის მქონე პარტიას - "ნაციონალურ მოძრაობას" ახალციხის საკრებულოში ფრაქცია დაეშალა. დეპუტატები, რომლებიც ამ გაერთიანებას გამოეთიშნენ, ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არცერთი წევრი აღარ დარჩა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გადავიდეთ დამოუკიდებელ დეპუტატებად. შეუპოვრად გავაგრძელებთ ჩვენი ამომრჩევლების ნებას პროდასავლური საქართველოს შენების კუთხით..." - თქვა ხუთმა დეპუტატმა ერთად გაკეთებულ განცხადებაში. ერთ-ერთმა მათგანმა კი მოგვიანებით "მთავარ არხს" უთხრა: "ამ შვიდი თვის განმავლობაში საერთოდ არავინ არ გაგვკარებია, შეგვხმიანებია. თავს ვგრძნობდით გარიყულად. არავინ დაინტერესებულა ფრაქციის საქმიანობით ახალციხეში... დღეს ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს იმიტომ, რომ არცერთი წევრი არ დარჩენილა იქ..."

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი რადიო თავისუფლებას უდასტურებს ინფორმაციას, რომ ახალციხის საკრებულოში მათი ფრაქცია დაიშალა.

"არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც პერიოდულად ტოვებს და ემიჯნება სხვადასხვა ფორმით პარტიას... სინამდვილეში პარტია მუშაობს, ძლიერდება, რეგიონულ ოფისებს ვხსნით... ამ პარტიის დამფუძნებელმა, მიხეილ სააკაშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სამიზნე უნდა გავასწოროთ ყველამ. ვინც სამიზნეს ვერ ასწორებს და ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად ებრძვის თავისსავე პარტიაში თანაგუნდელებს, ისინი თავად არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირების გამკეთებლები. ამ დროს ეს ადამიანები ტოვებენ პარტიას და არ ითვალისწინებენ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის სურვილს და რჩევას", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი.

პარტიისთვის ჯერ არ არის ცნობილი, ეყოლება თუ არა წარმომადგენელი ახალციხის საკრებულოში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარტიას ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ წევრები ტოვებენ. ასე მოხდა პარლამენტშიც - პარტია და ფრაქცია დატოვეს რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის ორდღიანი არჩევნები 30 იანვარს დასრულდა ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებით. არჩევნებში მონაწილეობდა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიაც, რომელიც დამარცხდა.

ხაბეიშვილის არჩევიდან მეორე დღეს, 31 იანვარს, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ტოვებდა პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას. დაახლოებით ორ კვირაში, 17 თებერვალს, რომან გოცირიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის აღნიშნავდა, რომ პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობები ამოწურა. 23 მარტს კი ხატია დეკანოიძემაც მიიღო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG