Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

G20-ის სამიტის მონაწილეებმა მოახერხეს დასკვნითი დეკლარაციის შეთანხმება


"დიდი ოცეულის" სამიტი დელიში. 9 სექტემბერი, 2023.
"დიდი ოცეულის" სამიტი დელიში. 9 სექტემბერი, 2023.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, რომელიც ამჟამად „დიდი ოცეულის“ (G20) მორიგე თავმჯდომარეა, თქვა, რომ G20-ის მონაწილეებმა დეკლარაციის შეთანხმება შეძლეს ჯგუფის სამიტზე, რომელიც დელიში იმართება ამ შაბათ-კვირას. მოდიმ ასევე გამოაცხადა, რომ მიღებულია დოკუმენტი, რომლის თაობაზე აზრთა მთავარ სხვადასხვაობას უკავშირებდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრას.

ერთობლივი კომუნიკეს დეტალებს ჯერ არ ასახელებენ. მოდიმ დოკუმენტზე შეთანხმებას „დაძაბული მუშაობის შედეგი“ უწოდა.

რაც შეეხება უკრაინას, ტექსტში ნათქვამია, რომ ყველა სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს გაეროს ქარტიის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად. ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია მუქარისგან თავის შეკავება და ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვა. ცალკე ხაზგასმულია ბირთვული იარაღის გამოყენების ან გამოყენების მუქარის დაუშვებლობა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით იყო სხვადასხვა მოსაზრება და ვითარების შეფასება“.

როგორც France-Presse-ი აღნიშნავს, ბოლო წლებში G20-ის წევრი ქვეყნებისთვის სულ უფრო რთული ხდება კონსენსუსის პოვნა, რადგან გაერთიანების საკვანძო წევრების პოზიციები უკიდურესად განსხვავებულია ისეთ საკითხებში, როგორიცაა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ასევე ღონისძიებები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ფარგლებში.

მანამდე დელიში G20-ის სამიტის მუშაობის პირველ დღეს გამოცხადდა, რომ ასოციაციაში მიღებულ იქნა აფრიკის კავშირი. G20-ს ახლა ოცდაერთი წევრი ჰყავს, მათ შორის არის ევროკავშირი, რომელიც ერთადერთი სრულუფლებიანი წევრი ბლოკი იყო.

რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი G20-ის მიმდინარე სამიტს არ ესწრებიან. დელის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის ნაცვლად ჩავიდა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

XS
SM
MD
LG