ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი აცხადებს, რომ შენობა, რომელსაც დღეს ხანძარი გაუჩნდა, ეროვნული არქივის ეზოში მდებარე კინოფირების საცავია. მან თქვა, რომ ეროვნულ არქივში ინახება ციფრული ასლები.
„ეროვნული არქივის ტერიტორიაზე, ეზოში ცალკე მდგომ კინოფირების საცავს გაუჩნდა ხანძარი, სადაც ნიტროფირები ინახებოდა, ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია, ცეცხლი ჩამქრალია, დეტალებს გამოძიება დაადგენს. ადამიანები არ დაშავებულან. ეროვნულ არქივში ინახება ციფრული ასლები და, შესაბამისად, იმ დედნების ასლები არსებობს, გაციფრულებულია და ისინი უვნებელია“, - განაცხადა თეონა იაშვილმა [სტილი დაცულია].
8 სექტემბერს, საღამოს, თბილისში, ეროვნული არქივის ეზოს ტერიტორიაზე, ცალკე მდგომ შენობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.