Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რეკომენდაციების მცირე ნაწილია შესრულებული" - ოპოზიცია ბორელთან შეხვედრის შემდეგ


ჟოზეპ ბორელი
ჟოზეპ ბორელი

უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეპ ბორელმა ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფთან გამართა ერთობლივი შეხვედრა, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი. შეხვედრის დასულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან.

დავით უსუფაშვილი, "ლელო"

"ბატონმა ბორელმა პირდაპირ გვითხრა, რომ ევროპის კარი ღიაა, აქ საქართველოს დასახმარებლად და იმის სათქმელად ჩამოვიდა, რომ რეკომენდაციების მცირე ნაწილია ბოლომდე შესრულებული, დანარჩენზე სერიოზული მუშაობაა საჭირო, დრო საკმარისია, ევროპა მზად არის დაგვეხმაროს, მაგრამ საკითხები აქ არის გადასაწყვეტი..."

ხატია დეკანოიძე, "ევროოპტიმისტები"

"ბატონმა ბორელმა თქვა შემდეგი საკითხები: საქართველოს და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს სრულ თანხვედრაში; ის, რომ მეორე ფრონტის გახსნა უნდა ვინმეს საქართველოში და ევროკავშირს ამაში წვლილი შეაქვს, ეს არის სუფთა რუსული პროპაგანდა. მან ძალიან დაუფარავად უპასუხა სწორედ ამაზე ხელისუფლების უმრავლესობის წარმომადგენელებს. ის, რომ საქართველოს შესასრულებელი აქვს კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, ესე ხისტად იყო ხაზგასმული".

ბექა ლილუაშვილი, "საქართველოსთვის"

"ძალიან მძიმე შეხვედრა იყო ქართული ოცნებისთვის და ეს სიმძიმე გამომდინარეობდა იქედან, რომ მათ ჰქონდათ მცდელობა, ჩვენი პარტნიორები დაერწმუნებინათ, რომ ყველაფერი შესრულდა. სინამდვილეში ყველამ კარგად იცის, რომ შესრულებულია მხოლოდ სამი. კიდევ ერთხელ შეახსენეს ეს..."

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია.

2022 წელს, ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია.

2023 წლის ოქტომბერში გაირკვევა, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს პროგრესს შეაფასებენ ევროპული საბჭოს ლიდერები და გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მიიღებენ.

„ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებს, რომ რეკომენდაციები პრაქტიკულად, შესრულებული აქვს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია მხოლოდ ფორმალურად მოქმედებს და რეალურად ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

XS
SM
MD
LG