საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეკომენდაციების შესრულებაზე იყო საუბარი დღეს საქართველოს პარლამენტში, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი შეხვდა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ევროკავშირის მხრიდან საუბარი იყო საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე. პაპუაშვილის თქმით, თავის მხრივ, იმაზე ისაუბრეს, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს დამსახურებაზე და იყოს სამართლიანი.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „რადიკალურ ოპოზიციას“ კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე საუბრისას ისევ ჰქონდა ხალხის და ხელისუფლების ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნის მცდელობა. პაპუაშვილის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე ევროკავშირის მხრიდან ხაზი გაესვა მსგავსი დამოკიდებულების მიუღებლობას.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დღევანდელ შეხვედრაზეც გამოჩნდა, სინამდვილეში როგორ ლობირებს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კანდიდატის სტატუსის მიღებას, რადგან მაგალითად, ითქვა, რომ საქართველოში ოლიგარქია და პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, არ ვარგა სასამართლო, პოლიცია და ა.შ,. მაგრამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბრობს იმ ფონზე, როცა 7 სექტემბერს, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას პოლიტიკურ დაპატიმრებად მიჩნეული საქმის გამო არანაირი პრეტენზია არ არსებობს.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულებას, პაპუაშვილის თქმით, არსებობს ევროკომისიის შუალედური ანგარიში, თუ რას მიიჩნევენ შესრულებულად, თუმცა, მას შემდეგ იყო ცვლილებები, მათ შორის სასამართლო რეფორმასა და მედიასთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზეც, რომლის პროექტი დაამტკიცა პრემიერის ხელმძღვანელობით მოქმედმა კომისიამ და დოკუმენტს უახლოეს ხანში მიიღებენ. პაპუაშვილის ინფორმაციით, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ვენეციის კომისიისგან ელოდებიან დასკვნას სასამართლო რეფორმაზე.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ რეკომენდაციებს შორისაა პოლარიზაციის დაძლევა. შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ჟოზეპ ბორელმაც აღნიშნა, რომ პოლარიზაცია თანამედროვე პოლიტიკის ნაწილია და მთავარია, პოლიტიკური კონკურენციის ეს ფორმა ცივილიზებულ ჩარჩოებში მოექცეს, რაც გულისხმობს ერთი მხრივ, ინკლუზიურ ხელისუფლებას, რომელიც სხვებსაც აძლევს გადაწყვეტილებების შემუშავებაში ჩართვის შესაძლებლობას და მეორე მხრივ - კონსტრუქციულ ოპოზიციას.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია.
2022 წელს, ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია.
2023 წლის ოქტომბერში გაირკვევა, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს პროგრესს შეაფასებენ ევროპული საბჭოს ლიდერები და გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მიიღებენ.
„ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებს, რომ რეკომენდაციები პრაქტიკულად, შესრულებული აქვს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია მხოლოდ ფორმალურად მოქმედებს და რეალურად ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას.