მიუხედავად იმისა, რომ ზოგისთვის ეს განმეორებადი კოშმარია, ზოგისთვის კი - დაბრუნებული ახალგაზრდობა, რუსეთში მიმდინარე ცვლილებების სისწრაფე, ინტენსივობა და სიღრმე ბევრს აფიქრებინებს იმაზე, რომ ქვეყანა, რომელიც შვიდი ათეული წლის განმავლობაში სიწმინდესავით დაჰფოფინებდა თავის „რევოლუციას“, მიაჩნდა რა იგი „მეოცე საუკუნის მთავარ მოვლენად“, შემდეგი ოცდაათი წელი კი როგორც მანტრა იმეორებდა საპირისპიროს, რომ მთავარია რევოლუციის არდაშვება; რომელიც უმაღლეს ბოროტებას ხედავდა „ფერად რევოლუციებში“, რაც იქცა კიდეც მის მთავარ ფობიად დღეს, - ეს ქვეყანა უდავოდ განიცდის რევოლუციურ ცვლილებებს.
უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, როგორც იქნა, გამოჩნდა ახალი შენობის მზიდი კონსტრუქციები.
ამ სიახლის აღწერა დაიწყო აღმოსავლეთ ევროპის გამჭრიახმა და ბწყინვალე ისტორიკოსმა, ტიმოთი სნაიდერმა, რომელმაც ომის დაწყებიდან სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ The New York Times-ის ფურცლებიდან განაცხადა, რომ „რუსეთი ფაშისტური სახელმწიფოა“.
ამ განცხადებამ მაშინ დიდი ხმაური გამოიწვია, მაგრამ სწრაფად გაქრა გაზეთების პირველი გვერდებიდან. არა მხოლოდ იმიტომ, რომ წალეკა საშინელი ომის ბევრად უფრო აქტუალური სიუჟეტების ნიაღვარმა, არამედ იმიტომაც, რომ ის მთლად ზუსტი არ აღმოჩნდა. ისევე როგორც ნაკლებად ზუსტი იყო პუტინიზმის განმარტება, როგორც ნეობოლშევიზმისა.
შეგახსენებთ, რომ ეს ორველიანური ტერმინი, მოფიქრებული ჯორჯ ორუელის მიერ „1984“-ში ევრაზიის სახელმწიფო იდეოლოგიის აღსანიშნავად, გამოყენება ულტრამემარცხენე პოლიტიკურ მოძრაობებთან მიმართებით, რაც (ულტამემარცხენეობა) პუტინიზმში მხოლოდ რიტორიკულ სართავად თუა წარმოდგენილი.
ბოლშევიზმის გამოცდილება და კონსერვატიული რევოლუციის პრაქტიკა სწორედაც რომ სტალინიზმმა გააერთიანა. სტალინიზმმა მისცა საბჭოთა საზოგადოებას საერთო ტკივილი და ტრავმა, რითაც საფუძველი ჩაუყარა მის საერთო ისტორიას. სწორედ ტრავმასთან მუშაობის დროს ხდება საერთო გამოცდილების და საერთო ბედის გაცნობიერება - ყოველივე იმისა, რაც წარმოადგენს პოლიტიკური ერის საძირკველს. თუმცა, საბჭოთა საზოგადოების კომპოზიტური ბუნების, მისი ხელოვნური ჰომოგენურობისა და ტოტალიტარული ატომიზაციის გამო, ტრავმასთან მუშაობა არ მომხდარა.
საზოგადოებები, ისევე როგორც ადამიანები, ამ სამუშაოს უარყოფით იწყებენ. რევოლუციის, სამოქალაქო ომის, ინდუსტრიალიზაციის, კოლექტივიზაციის, დიდი ტერორისა და სამამულო ომის ტრავმებს საბჭოთა საზოგადოება უარყოფით ხვდებოდა. ამ იძულებითი უარყოფის უმაღლესი ფორმა იყო სოცრეალიზმი - სინამდვილის (რეალობის) უარყოფის ხელოვნება და ცხოვრების დერეალიზაცია. საჭირო იყო შემდგომი სტადიების - სიბრაზის, თავთან ვაჭრობისა და დეპრესიის გავლა, რათა მისულიყვნენ მეხუთე სტადიამდე - მიმღებლობამდე.
ამ გზას საზოგადოება გადიოდა არა ეტაპობრივად, არამედ პარალელურად. პირველი იყო დისიდენტური მოძრაობის მოდუსი, მეორე - სამოციანი წლების კონფორმისტები, მესამე - ნაციონალისტ-სოფლელები. ყველა, სამივე ტიპაჟი, როგორც ყოველთვის, კარგად წარმოაჩინა რუსულმა ლიტერატურამ. პირველს შეიძლება მივაკუთვნოთ სოლჟენიცინი და/ან გროსმანი, მეორეს - ტრიფონოვის ინტელიგენტები, მესამეს - რასპუტინის დეპრესიული დედაბრები. გასაკვირი არ არის, რომ მიღების სინთეზი არ შედგა. საერთო ველი ვერ შეიქმნა.
ამიტომ, როდესაც გორბაჩოვის პერესტროიკის დროს საბჭოთა ეპოქამ ჩვენ თვალწინ დაიწყო მსხვრევა, როდესაც იგი საყრდენი წერტილის ძებნაში საბჭოთა ისტორიის ეპიცენტრისკენ - სტალინიზმისკენ შეტრიალდა, ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ მიღების განსხვავებულ სტადიებზე, დესტალინიზაციას სხვადასხვანაირად შეხვდნენ. ტრავმა დარჩა დაუმუშავებელი, გამდღრეული, იატაკქვეშეთში ჩასული. და რას ნიშნავს არშემდგარი მიღება? უპირველეს ყოვლისა, იმის გაგების შეუძლებლობას, რომ ახალი ცხოვრება სრულიად განსხვავებული იქნება.
ამრიგად, კოლექტიური არაცნობიერის დონეზე, სოციალური საფუძველი ჩაეყარა რეალობის უარყოფასა და უკუსვლას. ამის შემდეგ ისღა იყო დარჩენილი, რომ ხელისუფლებაში აღმოჩენილიყვნენ ადამიანები, რომელთა ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები დაემთხვეოდა რევანშისთვის საზოგადოების მზადყოფნას, ხოლო არაკეთილსინდისიერების ხარისხი იქნებოდა საკმაოდ მაღალი იმისთვის, რომ ესარგებლათ ამით.
კაგებეშნიკები ამ თვალსაზრისით იდეალური შტორმის ცენტრს წარმოადგენენ. ისინი არა მხოლოდ ერთ ტალღაზე აღმოჩნდნენ მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად, არამედ დაემთხვნენ მასობრივ მოთხოვნას ისტორიულ რევანშზე, თავის მოტყუებაზე, საკუთარი სიდიადის ნოსტალგიაზე, სამყაროს კონსპირაციულ სურათზე, მარტივ პასუხებზე, დასავლეთის სახით მტრის პარანოიდალურ ფანტაზიებზე, ფობიებზე... და, რაც მთავარია - კაგებეშნიკები მთელი ცხოვრება პროფესიონალურად იყვნენ დაკავებული ამ ფობიების შექმნითა და გაღვივებით. აქ შეიძლება ვინმემ იკითხოს: კი მაგრამ, რა შუაშია სტალინი?
დაზვერვის სამსახურები ნებისმიერ ქვეყანაში არსებობენ, განსხვავებით პოლიტიკური პოლიციისგან, თუმცა არც ეს უკანასკნელია იშვიათობა, მაგრამ მისი საბჭოთა ჩეკისტური ვერსია (ЧК-ГПУ-НКВД-МГБ-КГБ) გამოირჩეული იყო მსოფლიოს სხვა მსგავსი სტრუქტურისგან, ჰქონდა ისეთი რამ, რაც მას უნიკალურს ხდიდა. ეს უნიკალურობა კი მდგომარეობდა (და მდგომარეობს) იმაში, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, არასოდეს საიდუმლო პოლიციისათვის უშუალოდ სახელმწიფოს მეთაურს არ უხელმძღვანელია.
არა, რა თქმა უნდა, სტალინი არ იყო ამ უწყების ფორმალური ხელმძღვანელი, ისევე როგორც პუტინი არ არის ფეესბეს (დაზვერვის ფედერალური სამსახურის) უფროსი. უწყებას თავისი უფროსები ჰყავდა. ზოგიერთი მათგანის სახელი განზოგადდა კიდეც. „ეჟოვშჩინა“, „ბერიავშჩინა“... სინამდვილეში, ყველა ეს ადამიანი მხოლოდ სტალინის დავალებების შემსრულებელი იყო. ამ საქმეზე გულმოდგინედ სტალინი არაფერს არ აკეთებდა. ყველა დეტალი აინტერესებდა, უწყების თითქმის ყველა მთავარ გამომძიებელსა და მათ მიერ წარმოებულ საქმეებს იცნობდა. ის არა მხოლოდ კითხულობდა მათ კრებსებსა და ანგარიშებს, არამედ დაკითხვის სტენოგრამებსაც კი არედაქტირებდა; იგონებდა შეთქმულებებს, საქმეებსა და სიუჟეტებს, თვალყურს ადევნებდა მათ მსვლელობას; კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტულ ოპერაციებზე ნიშნავდა და ურჩევდა, ვისთან როგორ „ემუშავათ“. ამასთან, ამას აკეთებდა სიცოცხლის ბოლო დღეებამდე.
თუ წარმოვიდგენთ, როგორ იყო მოწყობილი სტალინის ტვინი შენობის სახით - დერეფნებით, გასასვლელებით, კაბინეტებით, ლაბირინთებით, ჯურღმულებით, წამების კამერებით და ა.შ. - მაშინ მივიღებთ შენობას ლუბიანკაზე, სადაც მომუშავე ყველა ადამიანი სტალინის ტვინის ნაწილაკია. ყოველი მათგანი, მცირედით მაინც, სტალინია. როგორც ლენინმა მხოლოდ გამოაცხადა საბჭოთა წყობა, სტალინმა კი შექმნა საბჭოთა კავშირის ეკონომიკური, პოლიტიკური, იდეოლოგიური, კულტურული და სხვა საფუძვლები, ასევე ჩეკას შემთხვევაშიც: ძერჟინსკი მხოლოდ სიმბოლურადაა ამ ინსტიტუციის დამფუძნებელი, ნამდვილი „გებიზმის“ (ГБ - სახელმწიფო უსაფრთხოება) შემქმნელი სტალინია.
პუტინის ნეოსტალინიზმი, როგორც იდეოლოგია, დიდწილად იკვებება სტალინიზმის პოლიტიკური ფილოსოფიით, რომელიც იქმნება იმ საჭიროებით, რომ ავტოკრატმა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნოს ძალაუფლება. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ სტალინიზმის პირობებში პარტიის ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია იდეოლოგიურად იყო გამართლებული, ნეოსტალინიზმი კი პოლიტიკურად ბევრად უფრო მოქნილია. ის მარტივად იყენებს დემოკრატიული იერის შენარჩუნების მრავალფეროვან ფორმებს - ძალაუფლების გადაცემის სიმულაციიდან (მედვედევ-პუტინის ტანდემი) პრეზიდენტობის ზედიზედ ორი ვადის ლეგალისტურ ხრიკებამდე; კონსტიტუციის გადაწერიდან ვადების განულებამდე და ა.შ. ამგვარი უკიდურესი და დემონსტრაციული იურიდიული პრაგმატიზმი ძალიან განსხვავდება საბჭოთა პრაგმატიზმისგან, რომელიც დამყარებული იყო შიდაპარტიული მექანიზმებით ძალაუფლების ათწლეულობის განმავლობაში შენარჩუნების ფაქტობრივად უცვლელ რიტუალზე.
სტალინიზმის მსგავსად, ნეოსტალინიზმი ეყრდნობა არა ეკონომიკურ, პოლიტიკურ ან სამხედრო ინსტიტუტებს, არამედ საიდუმლო პოლიციას, მაგრამ თუ სტალინიზმში ეს იყო სისტემის მთავარი საიდუმლო, თანამედროვე რუსეთის პირობებში deep state-ი, გებისტების სახით, პირდაპირ ხელმძღვანელობს ქვეყანას, განსაკუთრებული იდეოლოგიური და პოლიტიკური შუამავლობის გარეშე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყბადაღებული რუსული ისტორიული გზის უბრალო ინერციით გაგრძელება შეუძლებელია. საჭიროა უშიშროების „პირდაპირი მმართველობა“, რათა შენარჩუნდეს რუსული რეჟიმის მრავალსაუკუნოვანი საფუძვლები, რომლებიც მოდერნიზებული საზოგადოებისა და მსოფლიოს სერიოზული ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.
უპირველეს ყოვლისა, საუბარია ნაციონალიზმსა და იმპერიზმზე, რომლებსაც, სტალინიზმის მსგავსად, ეფუძნება ნეოსტალინიზმიც. მაგრამ თუ სტალინიზმში ისინი ღრმად იყვნენ ჩაშენებული მოქნილ კვაზიმარქსისტულ იდეოლოგიაში, რაც საშუალებას აძლევდა სტალინს მოეხდინა თავის პოზიციონირება იმპერიალიზმის წინააღმდეგ მთავარ მებრძოლად და პროლეტარული ინტერნაციონალიზმის დამცველად (ეს კი უზრუნველყოფდა მის გავლენას დასავლურ ინტელექტუალურ გარემოში), რიგიდული ნაციონალიზმი და აგრესიული იმპერიალიზმი აიძულებს ნეოსტალინიზმს, დაეყრდნოს პოლიტიკური სპექტრის არამდგრად კიდეებს.
იმის მსგავსად, როგორც სტალინიზმი იკვებება მარგინალური მემარცხენეების მხარდაჭერით, ნეოსტალინიზმი იკვებება მემარჯვენე (და გარკვეულწილად მემარცხენე) ექსტრემისტების მხარდაჭერით. ეს დაყრდნობა მარგინალებზე იმ იმედით, რომ ისინი გადაიქცევიან მეინსტრიმად, გვაიძულებს ვივარაუდოთ, რომ ნეოსტალინიზმს საფუძვლად უდევს უშრეტი პოლიტიკური რომანტიზმი.
როგორც ნებისმიერი რომანტიული იდეოლოგია, ნეოსტალინიზმიც ემყარება შიშველ და გამომწვევად შეუნიღბავ ძალადობას. რა თქმა უნდა, ძალადობა ედო საფუძვლად მე-20 საუკუნის ყველა ტოტალიტარულ იდეოლოგიასა და პოლიტიკურ პრაქტიკას, მათ შორის სტალინიზმს. მაგრამ ეს ძალადობა საგულდაგულოდ იყო შენიღბული პოლიტიკური რიტორიკით (ბრძოლა კაცობრიობის ნათელი მომავლისთვის სსრკ-ში, არიული რასისთვის ნაცისტურ გერმანიაში), მსოფლიო კულტურისადმი აპელაციით სსრკ-ში და მოდერნიზაციისკენ მისწრაფებით ფაშიზმში.
ნეოსტალინიზმში ყველა პოზიტიური ტრანსპონდერი გამორთულია, შედეგად, ძალადობა თავს იჩენს ყველაზე უშნო და პირდაპირი მუქარის სახით, პრიმიტიული ყოყოჩობითა და იარაღის ცინიკური ჟღარუნით. სტალინიზმი, ომების გაჩაღების თუ გამალებული შეიარაღების დროს, არწმუნებდა (წარმატებულადაც!) საკუთარ მოსახლეობას და უცხო ქვეყნებს (ნაკლებად წარმატებულად), რომ „მშვიდობისთვის იბრძოდა“ და თავის „მშვიდობისმოყვარე პოლიტიკაში“ უზარმაზარ რესურსებს დებდა. ნეოსტალინიზმში სიტყვა „მშვიდობა“ არანაკლებ საშიშია, ვიდრე სიტყვა „ომი“. ორივე მათგანის ხსენება დასჯადია. ლოზუნგი „აღარასოდეს!“ შეცვალა ლოზუნგმა „ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ!“, ხოლო სახელმწიფოს პირველმა პირებმა დავიდ ზასლავსკის ფელეტონების და ბორის ეფიმოვის კარიკატურების ენით დაიწყეს ლაპარაკი.
ძალადობაზე დაყრდნობა და ღია მოქმედება უკიდურესი პოლიტიკური უტილიტარიზმის შედეგია. პუტინის სტალინიზმი წმინდად გამოყენებითია, ის მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას, თანმიმდევრულობას და იტანჯება აშკარა შიზოფრენიით, მაშინაც კი, როცა საუბარია ომის ისეთ საკვანძო ფაქტორზე, როგორიც მტრის ხატის ფორმირებაა.
ამრიგად, ძველი საბჭოთა ფობიების აქტუალიზაცია „დასავლეთში ნაციზმის აღორძინების“ სახით (რაც ლამის წარმოადგენს კიდეც ომის გამართლებას), ერთი მხრივ, გამომდინარეობს იქიდან, რომ დასავლეთში აღორძინდა ნაციზმი (ულტრამემარჯვენე, ეთნიკური ნაციონალიზმისა და ფაშიზმის რასისტული და ანტისემიტური ფორმა), მეორე მხრივ კი, დასავლეთი უარყოფს „ტრადიციულ ღირებულებებს“ (მაგალითად, პატრიარქალურ ოჯახს, რომლის კულტივირებასაც ახდენს ნაციზმი), ამკვიდრებს ლგბტ დღის წესრიგს (რომელიც ასევე წინააღმდეგობაშია ნაციზმთან) და მულტიკულტურალიზმს (რომელიც ზოგადად შეუთავსებელია ნაციზმისთვის დამახასიათებელ რასიზმსა და ეთნიკურ ნაციონალიზმთან).
უაზრობის ზღვარზე მყოფი ასეთი შეუსაბამობა დაფუძნებულია ირაციონალიზმზე. სტალინიზმი კი აპელირებდა რაციონალიზმზე, რადგან ანამნეზში ჰქონდა მარქსიზმი. ის მოქმედებდა „ისტორიული კანონებითა“ და „მეცნიერულობით“, მაშინ როცა ნეოსტალინიზმი „სულიერია“ და აპელირებს ეროვნულ ტრადიციებზე, „სულზე“, „ზნეობრივ სამაგრებზე“, ღიად იყენებს რელიგიას და ეკლესიას, როგორც მოსახლეობაზე ზემოქმედების საშუალებას.
თუ სტალინიზმი, ისევე როგორც მე-20 საუკუნის ყველა ტოტალიტარული იდეოლოგია, იყო სამობილიზაციო იდეოლოგია, ნეოსტალინიზმი, როგორც იდეოლოგია, ეფუძნება მოსახლეობის დეპოლიტიზებას. სტალინიზმი ავსებდა ყველას და ყველაფერს პოლიტიკური რიტორიკით, ნეოსტალინიზმი კი განუყოფელია გლამურული პრიალა მოსკოვისგან, ახალი სიმდიდრის სტილისგან, ფუფუნების კულტისაგან, სვეტური რაუტებისა და ჰეფენინგებისგან - ყველაფერ იმისგან, რაც პოლიტიკიდან დისტანცირებას უწყობს ხელს. შედეგად, მობილიზაციაც კი, რომელიც ასე აუცილებელია ომის დროს, ხორციელდება უკიდურესად უხალისოდ და წერტილოვნად, რათა მან მოსახლეობის ღია უკმაყოფილების პროვოცირება არ გამოიწვიოს.
ეს უკანასკნელი განპირობებულია იმით, რომ ნეოსტალინიზმი პოპულისტური იდეოლოგიაა, რომელიც სრულად ეფუძნება რეჟიმის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგის მასების ცნობიერებაში აგრესიული პროპაგანდით ჩანერგვას (როგორც ეს იყო უკრაინის შემთხვევაში), რასაც შემდეგ მოჰყვება პოლიტიკური ხაზის აგება მასობრივი წარმოდგენების, მოლოდინების, ცრურწმენებისა და ხელისუფლების მიერვე გაჩენილი ფობიების გათვალისწინებით.
სტალინიზმი ეფუძნებოდა ლიდერობას, რაც აიხსნება რეჟიმის ლეგიტიმაციით მარქსიზმის სწავლებაზე დაყრდნობით (პარტიას მიჰყავს ქვეყანა მარქსიზმის მამების მიერ მეცნიერულად მითითებული მიმართულებით). აქედან - მკაცრი აღზრდა, ცენზურა და ბრძოლა „მეშჩანური“ და „წვრილბურჟუაზიული“ გემოვნების წინააღმდეგ. ნეოსტალინიზმში საქმე გვაქვს ლიდერობის უარყოფასთან. რეჟიმი ლეგიტიმურობას „ხალხის მხარდაჭერიდან“ იღებს (ამიტომაც ენიჭება დიდი მნიშვნელობა სხვადასხვა გამოკითხვას და ხელისუფლების გარკვეულ ნაბიჯებზე რეაქციების გაზომვას), რადგან თითქოს მიჰყვება „ღრმა ხალხის“ ხმასა და სულს, იმ ადამიანებისას, რომელთა ტვინებს თავადვე აპროგრამებს აგრესიული პროპაგანდის საშუალებით.
ახალი პროგრამის ცენტრში დგას რესენტიმენტი - არასრულფასოვნებისა და აღმატებულობის კომპლექსების მგრგვინავი ნაზავი. თუ სტალინიზმში ეს კულტურა ომისშემდგომ პერიოდში აყვავდა, ნეოსტალინიზმის დროს რესენტიმენტის კულტივირება იქცა სახელმწიფო პროპაგანდის ლამის მთავარ ამოცანად.
ყველა პოლიტიკური ფიგურა, რომელიც წლების განმავლობაში ხვდებოდა პუტინს, საუბრობს მოსმენილ მრავალსაათიან ლექციებსა და იმ წყენების უსასრულო ჩამონათვალზე, რომლებიც, პუტინის აზრით, ქედმაღალმა დასავლეთმა მიაყენა მოტყუებულ რუსეთს. ეს დისკურსი რადიკალურად განსხვავდება სტალინურისგან. სტალინური რესენტიმენტი ეფუძნებოდა დასავლეთის მიმართ დიამეტრულად საპირისპირო ქედმაღლურ დამოკიდებულებას, რაც ასახავს ძირეულ განსხვავებას მსოფლიოს მნახველ პუტინსა და ფაქტობრივად თავისი რეზიდენციებიდან გაუსვლელ სტალინს შორის. როგორც უნდა იყოს, აქცენტი „წყენებსა“„ და თვითვიქტიმიზაციაზე მიუთითებს ღრმა ტრავმულ გამოცდილებაზე, ხოლო ის ფაქტი, რომ ასეთი გამოცდილება ედება საფუძვლად პოლიტიკურ ფილოსოფიას, მიუთითებს რეჟიმის ღრმად პერსონალისტურ ხასიათზე.
რესენტიმენტისა და „წყენის“ დისკურსმა განსაზღვრა ნეოსტალინიზმისთვის დამახასიათებელი რეტროტოპია. განსხვავებით სტალინიზმისგან, რომელმაც შეინარჩუნა რიტორიკული კავშირი „კაცობრიობის პროგრესის“ იდეითა და მოდერნისტული განმანათლებლობის პათოსით გამსჭვალულ მარქსიზმთან, ნეოსტალინიზმი კი მთლიანად წარსულისკენაა მიბრუნებული და არაფერს სთავაზობს დაბრუნების იდეის გარდა, დაბრუნებისა - ტრადიციებთან, ძირებთან, სულიერ სამაგრებთან, ღირებულებებსა და მსგავს არქაიზებულ კონსტრუქციებთან. სტალინიზმის მთავარი საგანი „მეცნიერული კომუნიზმი“ იყო სწავლება მომავლის შესახებ. თუ სტალინიზმი ისტორიას მიმართავდა პოლიტიკის (რომელიც ისტორიას კი არა, „ლენინურ სწავლებას" ეფუძნებოდა) დამატებითი ლეგიტიმაციისთვის, პოლიტიკის ისტორიზაცია, რომლითაც პუტინია დაკავებული, მისი ქმედებების თითქმის ერთადერთი გამართლებაა, რაც მკვეთრად ავიწროებს მომავლის ჰორიზონტს, რომელიც ისედაც ძლივს ილანდება: მომავლის რუსეთი - ესაა წარსულის რუსეთი.
ამ ტენდენციამ ყველაზე მკაფიო გამოხატულება ნეოსტალინიზმისთვის დამახასიათებელ აშკარა რევანშიზმში ჰპოვა. სტალინიზმმა მოახდინა წარსულის ელემენტების ადაპტირება - იქნება ეს ომის დროს ეკლესიის დაბრუნება თუ ორთოდოქსული მარქსიზმის ისტორიული იდეოლოგემების უარყოფა („რუსეთი ხალხთა საპყრობილეა“, „რუსეთი ევროპის ჟანდარმია“ და ა.შ.) სამყაროს საკუთარ სურათში. ეს იყო საბჭოთა ნარატივში წარსულის იდეოლოგიური კონსტრუქტების ჩაშენება და არა ეკლესიის ან იმპერიის რევანში. ნეოსტალინიზმი, პირიქით, ფსონს დებს რევანშზე, აპელირებს წარსულის „ღირებულებებზე“ ან წარსულის კონსტრუქციებზე (იქნება ეს აგრესიული ილიბერალიზმი, „მიწების შეგროვების“ იდეოლოგია თუ ნოვოროსია).
ასეთი რამ შესაძლებელია ისტორიის უკიდურესი ინსტრუმენტალიზაციით, რაც პუტინის მმართველობის საფირმო ნიშნად იქცა მისი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან: საბჭოთა ჰიმნის დამტკიცება ახალი ტექსტით, ვარსკვლავები და არწივები რუსეთის ახალ დროშაზე, ლენინის მავზოლეუმის შენარჩუნება ლენინის მზარდი კრიტიკის ფონზე და ა.შ. თავიდან ეს განიხილებოდა, როგორც სიმბოლოების დეიდეოლოგიზაციისა და საზოგადოებაში დაპირისპირების განმუხტვის მცდელობა, სანამ ცხადი არ გახდა, რომ ისტორიის კოლაჟად გადაქცევით დასრულდა ისტორიის ისეთი სახიფათო პოლიტიკური ალეგორიებისა და ალუზიების უძირო საწყობად გადაქცევის პროცესი, რომლებიც თავსებადია ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურისათვის და სურვილის შემთხვევაში, ადვილად გარდაიქმნებიან ნებისმიერი ქმედების, მათ შორის აგრესიული ომის დაწყების გამართლებად.
სტალინიზმი ეფუძნებოდა ეტატიზმს - სახელმწიფოს აბსოლუტიზაციას და წარმოდგენას, რომ სახელმწიფოს შეუძლია (და უნდა) ჩაერიოს ცხოვრების ყველა სფეროში. სტალინი ბიუროკრატი იყო და სახელმწიფოს ასეთი ფილოსოფია სრულად შეესაბამებოდა მის წარმოდგენას სახელმწიფოზე, როგორც „წესრიგის“ წყაროზე. თუმცა, სტალინიზმი ახდენდა „პროლეტარიატის დიქტატურის სახელმწიფოს“, როგორც თანასწორობის, სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის წყაროს კულტივირებას.
ნეოსტალინიზმში სახელმწიფო მოკლებულია ყველა იმ ფუნქციას, რომელიც საბჭოთა პერიოდში სოციალური თვალსაზრისით პოზიტიურად იყო მარკირებული. ეს არის სახელმწიფოს ისეთი ფეტიშიზაცია, რომელიც არ იძლევა არც სოციალურ დაცვას, არც დინამიკურ სოციალურ ლიფტებს და არც ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვას.
სისტემური კორუფცია, რომელიც დამახასიათებელია ნეოსტალინიზმისთვის, მმართველობითი სტრუქტურის გახრწნის შედეგია. თუ სტალინიზმის დროს უხეირო ან გახრწნილი ხელმძღვანელები გულაგში იგზავნებოდნენ, ახალ პირობებში მათ არავინ ერჩის, რაც თავის მხრივ აფართოებს კორუფციის სოციალურ ბაზას. კორუფცია აღწევს ყველგან - პრეზიდენტიდან მეეზოვემდე და იქცევა ნეოსტალინიზმის ეკონომიკურ საფუძვლად.
და, რა თქმა უნდა, ყველა აშკარა კოგნიტური ხარვეზი და შეუსაბამობა პოლიტიკურ კონსტრუქციებსა და რეალობას შორის, რომლებიც ჩნდება რეჟიმის ფუნქციონირების პროცესში, იჩქმალება სისტემური ტყუილით და დემონსტრაციული პოლიტიკური ცინიზმით.
რა თქმა უნდა, სტალინიზმიც ამუშავებდა და ნერგავდა სინამდვილესთან ბრძოლის სხვადასხვა ფორმას, მაგრამ აშკარა სიცრუე ყოველთვის ინიღბებოდა „შემოქმედებითი მარქსიზმისა“ და „მარად ცოცხალი ლენინური სწავლების“ არგუმენტებით. ტყუილს იოლად ამართლებდნენ „სწორი მსოფლმხედველობით“. სტალინური საზოგადოებრივი სფერო, რომელმაც წარმოშვა უბადლო სიცრუის ნიმუშები - სოციალისტური რეალიზმიდან დაწყებული, საგარეო პოლიტიკური პროპაგანდით დამთავრებული, მართლდებოდა იმით, რომ ეს იყო არა ტყუილი, არამედ „მართებული“ შეხედულება „რევოლუციური განვითარების პროცესში მყოფ ცხოვრებაზე“.
სტალინის დროს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს სჯეროდა ამის. პუტინის ტყუილი აბსოლუტურია: ის ადრესატისგან რწმენასაც კი არ მოითხოვს - მსმენელებმა იციან, რომ პუტინი ცრუობს. პუტინმაც იცის, რომ მსმენელებმა იციან, რომ ის იტყუება. სტალინი ვერც კი იოცნებებდა აუდიტორიასთან ასეთ ინტიმურ კონტაქტზე.
ნეოსტალინიზმის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ სხვა ნეოიდეოლოგიებისა და პოლიტიკური პრაქტიკისგან (ნეონაციზმი, ნეოკოლონიალიზმი, ნეოლიბერალიზმი, ნეოკონსერვატიზმი, ნეომარქსიზმი და ა.შ.) განსხვავებით, იგი სათავეს იღებს ავტორიტარიზმის რუსული ტრადიციიდან და რუსეთის იმპერიული ისტორიიდან. ნეოსტალინიზმი ზედმეტად ეროვნულია. ნაწილობრივ ამიტომაა, რომ რუსეთი თითქმის სრულ იზოლაციაში იმყოფება. „ნაწყენთა ინტერნაციონალის“ მხარდაჭერამ არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში: ის არის წმინდა სიტუაციური და ეფუძნება არა იმდენად რუსეთის მიმართ სიმპათიას, რამდენადაც პუტინის პოზიციონირებას „დასავლეთის ახალ მთავარ მტრად“.
უახლეს ისტორიაში ამ თამაშს ბევრი პოლიტიკოსი თამაშობდა, მაგრამ ამით სარგებელი ვერავინ ნახა: გამალ აბდელ ნასერი, ფიდელ კასტრო, იასერ არაფატი, სადამ ჰუსეინი, მუამარ კადაფი, ოსამა ბინ ლადენი, უგო ჩავესი... და თუმცა ამ სიას (მარტიროლოგი) პირველად უდგას სათავეში ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი, ინტუიცია გვიკარნახებს, რომ აქ სამხედრო პოტენციალს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
როგორც ვნახეთ, თანამედროვე რუსეთის ძალაუფლების სტრუქტურა ფაქტობრივად აღმოცენდა სტალინიზმის პოლიტიკური ფილოსოფიიდან და ამაში გასაკვირი არაფერია. სტალინი იყო საბჭოთა ერის მამა. მის როგორც საბჭოთა, ასევე პოსტსაბჭოთა მემკვიდრეებს საქმე აქვთ სტალინიზმის მთავარ პროდუქტებთან - (პოსტ)საბჭოთა ხალხთან და (პოსტ)საბჭოთა სახელმწიფოსთან. მათ არ აქვთ სხვა უნარები და ჩვევები, გარდა იმისა, რაც ჩადებული იქნა მათში სტალინიზმში დაბადებისას.
ამიტომ ნეოსტალინიზმი არ არის „იდეოლოგიური ფაფა“, როგორც ბევრს წარმოუდგენია, ის სტალინიზმის სისტემური ადაპტაციაა პოსტსაბჭოთა პოლიტიკურ სინამდვილეში. მასში უნდა დავინახოთ ის, რაც სინამდვილეშია - მოდერნიზაციის გამოწვევაზე რეაქციული იდეოლოგიის მორიგი მუტაციის ერთ-ერთი პროდუქტი და ლიბერალიზაციისგან პატრიარქალური საზოგადოების თავდაცვის ახალი პოლიტიკური სტრატეგია. აქედან გამომდინარე, სტალინიზმი უნდა იქნეს განხილული იმ არიერგარდული ბრძოლების კონტექსტში, რომელსაც Ancien Régime აწარმოებს ახალ დროებასთან ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. საფრანგეთში ეს პროცესი საუკუნე გაგრძელდა. უცნაური იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ რუსეთში ეს უფრო ადვილად ან სწრაფად მოხდებოდა. ის ფაქტი, რომ დღეს რეჟიმის მთავარი ბენეფიციარები და მეურვეები, მუდამ სახელმწიფო ბიუროკრატიის წიაღში დამალულები, სახელმწიფო უშიშროების საკვანძო ფიგურები, რეჟიმის გადასარჩენად სააშკარაოზე გამოვიდნენ, იმაზე მეტყველებს, რომ რეჟიმი სასიკვდილო საფრთხის ქვეშ იმყოფება და მისი დამცველები აცნობიერებენ არსებული მდგომარეობის სიმძიმეს. ასეთ პირობებში, ვაბანკზე წასვლას - ეს კი ისაა, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრით გააკეთა - იშვიათად მოაქვს წარმატება. უფრო პირიქით, ეს არის უმოკლესი გზა დასასრულისკენ.